რუსმა ოკუპანტებმა ოდესის რეგიონი დაბომბეს. რაკეტები მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლს და დასვენების ცენტრს მოხვდა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, დასვენების ცენტრის დაბომბვას, სულ მცირე, 3 ადამიანი შეეწირა, მათგან ერთი ბავშვია.
“სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ნაწილობრივ განადგურდა დასვენების ცენტრის სამსართულიანი და ოთხსართულიანი შენობა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 ბავშვია, დაშავდა 1 ადამიანი. სამაშველო სამუშაოები გრძელდება”, – ინფორმაციაში.
ჭურვის მაღალსართულიან შენობაში მოხვედრის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, სერგეი ბრაჩუკმა დაწერა.
ჯამურად, სარაკეტო იერიშის შედეგად, დაღუპულია 17 მშვიდობიანი მოქალაქე, მათგან ერთი ბავშვი; 31 დაშავებულს, მათ შორის, 4 ბავშვს და ორსულ ქალს სამედიცინო დახმარება გაეწია. ნანგრევებიდან 8 ადამიანია ამოყვანილი, მათგან 3 ბავშვია.
დაშავებულთაგან მძიმე მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეები საავადმყოფოში გადაიყვანეს.