სუბარის, ხუნდაძისა და ყაველაშვილის განცხადება: დაჩქარებული წესით, 6 თვეში გვთხოვენ ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებას – ამ ვადის გარშემო წნეხს დამატებით ამძაფრებს ელჩებისა და ევროპარლამენტარების განცხადებები, რომლებიც ყოველდღიურად კეთდება და რაც, ასევე, ევროკავშირის პრაქტიკისთვის სრულიად უცხო ხილია

თავდაპირველად, დაჩქარებული წესით შეგვატანინეს განაცხადი და დაჩქარებული წესითვე გვითხრეს უარი კანდიდატობაზე, ახლა კი ევროკავშირის პრაქტიკისთვის სრულიად უპრეცედენტო და გაუგებარი ვადა დაგვიწესეს და დაჩქარებული წესით, 6 თვეში გვთხოვენ ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებას. ამ ვადის გარშემო წნეხს დამატებით ამძაფრებს ელჩებისა და ევროპარლამენტარების განცხადებები, რომლებიც ყოველდღიურად კეთდება და რაც, ასევე, ევროკავშირის პრაქტიკისთვის სრულიად უცხო ხილია, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელი წევრების, სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის და მიხეილ ყაველაშვილის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 6-თვიანი ვადის დაწესებას მხოლოდ ერთი ლოგიკური ახსნა აქვს – ვიღაცას სურს, შექმნას ხელოვნური აჟიოტაჟი ამ თემის გარშემო.

„დღეს კიდევ ერთხელ გვსურს, განვმარტოთ ჩვენი ხედვა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. პირველ ყოვლისა, ისევ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის თემას შევეხებით, რომელიც ქვეყნის დღის წესრიგში ამ ეტაპზე სრულიად ხელოვნურად შემოიტანეს. თავდაპირველად, დაჩქარებული წესით შეგვატანინეს განაცხადი და დაჩქარებული წესითვე გვითხრეს უარი კანდიდატობაზე, ახლა კი ევროკავშირის პრაქტიკისთვის სრულიად უპრეცედენტო და გაუგებარი ვადა დაგვიწესეს და დაჩქარებული წესით, 6 თვეში გვთხოვენ ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებას. ამ ვადის გარშემო წნეხს დამატებით ამძაფრებს ელჩებისა და ევროპარლამენტარების განცხადებები, რომლებიც ყოველდღიურად კეთდება და რაც, ასევე, ევროკავშირის პრაქტიკისთვის სრულიად უცხო ხილია.

ევროკავშირში გაწევრიანების თარიღი კანდიდატის სტატუსის მიღების თარიღზე ოდნავ მაინც რომ იყოს დამოკიდებული, ამგვარ წნეხს და „დედლაინზე“ ზეწოლას მინიმალური ახსნა მაინც ექნებოდა. მაგალითისათვის, ბალკანეთის ქვეყნების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ როდესაც ევროპული ქვეყანა კანდიდატის სტატუსს სტანდარტულ ვითარებაში იღებს, მას დაახლოებით 15 წელიწადში ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა უჩნდება. თუმცა, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევა არასტანდარტულია. კანდიდატის სტატუსის მინიჭება ამ შემთხვევაში ხდება არა იმის გამო, რომ ესა თუ ის ქვეყანა კანდიდატის სტატუსისთვის შინაარსობრივად არის მზად, არამედ დაჩქარებული წესით, პოლიტიკური მიზეზების გამო.

როგორც მოგეხსენებათ, მმართველ გუნდს ჰქონდა ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტული გეგმა, რომელიც 2 წლის წინ საარჩევნო პროგრამის ფარგლებში წარვუდგინეთ საზოგადოებას. ხელისუფლებას მომდევნო 2 წლის მანძილზე უნდა უზრუნველეყო ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების მინიმუმ 70 პროცენტის შესრულება და ამის საფუძველზე, 2024 წელს უნდა შეეტანა განაცხადი კანდიდატის სტატუსის მისაღებად. სტანდარტული პრაქტიკის შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, საქართველო დაახლოებით 2 წლის თავზე მიიღებდა კანდიდატის სტატუსს და ასევე, სტანდარტული პრაქტიკის შესაბამისად, წარმატებული განვითარების პირობებში, დაახლოებით 12-15 წელიწადში, 2040 წლამდე გახდებოდა ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

ამას გვიჩვენებს ყველაზე წარმატებული კანდიდატი ქვეყნების – მონტენეგროს და სერბეთის მაგალითი. ორივე მათგანმა განაცხადის შეტანიდან 2 წელიწადში (შესაბამისად, 2010 და 2012 წელს) მიიღო კანდიდატის სტატუსი და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, ისინი 2024 წელს გახდებიან ევროკავშირის წევრები, რაც მონტენეგროსთვის 14-წლიან, ხოლო სერბეთისთვის 12-წლიან წარმატებულ მოლოდინს ნიშნავს.

იმ პირობებში კი, როდესაც კანდიდატობას არა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კუთხით არსებული მიღწევების გამო, არამედ პოლიტიკური მოტივით გაძლევენ, ბუნებრივია, კანდიდატის სტატუსის მიღების თარიღსა და გაწევრიანების თარიღს შორის 12-14-წლიანი ინტერვალი სრულიად პირობითი ხდება. სწორედ ამიტომ ამბობენ ევროპელი პოლიტიკოსები უკრაინის შემთხვევაში, რომ ეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი 2050 წლისთვის, ანუ არა 14, არამედ 28 წელიწადში გახდება.

დარწმუნებულები ვართ, კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ხელისუფლება მომდევნო 6 თვის განმავლობაში ყველაფერს გააკეთებს. თუმცა, ვერავინ ახსნის, პრაქტიკული თვალსაზრისით, რას აძლევს საქართველოს კანდიდატის სტატუსის დაჩქარებული წესით მიღება. შესაბამისად, ამ საკითხის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟიც, აშკარად, სრულიად ხელოვნურია.

შესაბამისად, 6-თვიანი ვადის დაწესებას მხოლოდ ერთი ლოგიკური ახსნა აქვს. ვიღაცას სურს, შექმნას ხელოვნური აჟიოტაჟი ამ თემის გარშემო და ხელოვნურად გააღვივოს ხალხის ემოციები, რათა რევოლუციური სცენარით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოცილება და „ნაციონალური მოძრაობით“ მისი ჩანაცვლება მოხერხდეს. სწორედ ეს სცენარი განიხილეს ბაკურიანში, რაზეც პარტიის ლიდერები თავიდანვე ღიად გვესაუბრებოდნენ.

კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ კანდიდატის სტატუსი და მისი ექვსთვიანი ვადაც იმ რევოლუციური სცენარის ნაწილია, რომელიც ბაკურიანში იქნა განხილული. 6 თვის თავზე კანდიდატის სტატუსს არცერთ შემთხვევაში არ მოგვცემენ, რამაც, გარკვეული ძალების გათვლით, რევოლუციურ სცენარს ახალი მუხტი უნდა მისცეს და საბოლოოდ, საქართველო მეორე ფრონტად უნდა აქციოს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები