„დიდი შვიდეულის“ ლიდერები, რომლებიც გერმანიაში სამიტში მონაწილეობენ, უკრაინის ქალაქ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, G7-ის ლიდერებმა სარაკეტო თავდასხმას „საზიზღარი“ უწოდეს.
„ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ ამ სასტიკი თავდასხმის უდანაშაულო მსხვერპლის გლოვაში. განურჩეველი თავდასხმა უდანაშაულო მოქალაქეებზე არის ომის დანაშაული“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, „დიდი შვიდეულის“ ლიდერები აცხადებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და სხვა დამნაშავეები პასუხს აგებენ.
მანამდე მათ პირობა დადეს, რომ მხარს დაუჭერდნენ უკრაინას იქამდე, სანამ საჭირო იქნებოდა და გააგრძელებდნენ მის დახმარებას სამხედრო და თავდაცვითი აღჭურვილობით.
ბოლო მონაცემებით, პოლტავას ოლქში, ქალაქ კრემენჩუკში რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანი დაიღუპა, 56 კი დაშავდა.