რაჭაში, სოფელ სორგითში მთიდან ჩამოწოლილი ნაშალი მასისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
ძლიერი წვიმების შედეგად, რაჭაში, სოფელ სორგითში მეწყრული პროცესები გააქტიურდა, რის შედეგადაც მთიდან ჩამოწოლილმა მასამ სოფელში მისასვლელი საავტომობილო გზა დააზიანა.
დილიდან სტიქიის ადგილზე იმყოფებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – ლევან შერაზადიშვილი და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი – თეიმურაზ გძელიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 26 ივნისს მთიდან ჩამოწოლილმა მეწყერმა მუნიციპალიტეტის ცენტრს მოწყვიტა საავტომობილო გზის გარკვეული მონაკვეთი, რამაც პრობლემა შეუქმნა სოფ. სორგითის მოსახლეობას.
ამ დროისათვის, ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მთიდან ჩამოწოლილი ნაშალი მასისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები.
აღნიშნულ საავტომობილო გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება დღის ბოლომდე შესაძლებელი იქნება.
უამინდობისგან გამოწვეული პრობლემის დროულად აღმოფხვრის მიზნით, შექმნილია სტიქიის შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოახდენს მიყენებული ზარალის დათვლას, რის შემდგომაც უმოკლეს პერიოდში გატარდება საჭირო ღონისძიებები.