საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, პასუხისგებაში ერთი პირი მისცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, კახეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მისი მართვის ქვეშ მყოფი საწარმოს სახელით, კახეთის რაიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მერიასთან სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ღირებულებაც 999 270 ლარს შეადგენდა, რის შემდეგაც, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულმა სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებული ყალბი დოკუმენტები შეადგინა, რომლებშიც გაზრდილი მოცულობების შეტანის გზით, დამკვეთისგან ზედმეტად მოითხოვა და თაღლითურად დაეუფლა 244 623 ლარს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 210-ე მუხლების პირველი ნაწილით და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები