ირაკლი ღარიბაშვილი: ოპოზიციის წარმომადგენლები საჯაროდ, ორგანიზებულად, ჩარტერული რეისებით უკრაინაში საომრად მოხალისეების წაყვანას ითხოვდნენ, მე არ გავეცი ამაზე ნებართვა და განმარტებაც გავაკეთე, მსგავსი რამ მსოფლიოში არც ერთ მთავრობას არ გაუკეთებია, პირიქით, პრეზიდენტი ბაიდენი და ევროპელი ლიდერები საკუთარ მოქალაქეებს საჯაროდ მოუწოდებდნენ, რომ არ ჩაერთონ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში

ოპოზიციის წარმომადგენლები საჯაროდ, ორგანიზებულად, ჩარტერული რეისებით უკრაინაში საომრად მოხალისეების წაყვანას ითხოვდნენ, მე არ გავეცი ამაზე ნებართვა და განმარტებაც გავაკეთე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მსგავსი რამ მსოფლიოში არც ერთ მთავრობას არ გაუკეთებია, პირიქით, პრეზიდენტი ბაიდენი და ევროპელი ლიდერები საკუთარ მოქალაქეებს საჯაროდ მოუწოდებდნენ, რომ არ ჩაერთონ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მაშინ, როცა ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, რუსული ჯარი დგას ქვეყნის ტერიტორიაზე, სხვის ომში, სხვის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვა უმეცრება და დანაშაულია.

„ერთადერთი თეორიული შანსი, რაც ჩვენს დესტრუქციულ, რევანშისტულ ძალებს ჰქონდათ, იყო ქვეყნის არევა, დესტაბილიზაციის გამოწვევა და ომის პროვოცირება. ამის არაერთი მცდელობა ჰქონდათ ბოლო 10 წლის განმავლობაში, როცა 8 არჩევნებში წააგეს და ბოლოს ეს გამძაფრდა მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი შემოვიდა, შემოიპარა საქართველოში ერთადერთი მიზნით, რომ მოეწყო რევოლუცია და სისხლისღვრა, როგორც თავად ამბობდა შემდეგ უკვე საუბრებში. ჩვენ ამის შესახებ გვაქვს ინფორმაცია, მათ შორის მისი საჯარო გამოსვლებიდან, დამხობა, რევანშიზმი და უამრავი უბედურება. ეს პირდაპირ საქართველოში ომის დაწყებას ნიშნავდა. ეს პირდაპირ პროვოცირებას ნიშნავს.

ჩვენ ადამიანები, მოქალაქეები ვართ და მე მინდა თქვენ გკითხოთ, მეგობრებო, ქვეყანა, რომლის 20% ოკუპირებულია, ამ რისკის არ დანახვა, ხომ არის დიდი უმეცრება და მე ვიტყოდი, დანაშაული ?! როცა ქვეყანაში ოკუპანტის სამხედრო ძალები დგანან, აი, ამ ოფისიდან 40 კილომეტრში და შენ გინდა, რომ პროვოცირება მოახდინო, არიო ქვეყანა, გამოიწვიო მასიური დესტაბილიზაცია, სამოქალაქო დაპირისპირება, სამოქალაქო ომი?! აბა რას ნიშნავს ეს სხვას, როცა მოსახლეობის, ამომრჩევლის უმეტესობა ჩვენ გვიჭერს მხარს, ჩვენ გავიმარჯვეთ 8 არჩევნებში, ჩვენ გვაქვს ლეგიტიმაცია, მართვის მანდატი და ამ დროს ვიღაც მოდის და უნდა, რომ დაამხოს მთავრობა, მოაწყოს რევოლუცია, არიოს ქვეყანა, ეს რა თქმა უნდა, ნიშნავს ძალიან დიდი უბედურების განხორციელებას და მათ შორის ომის დაწყებას. აგვიხსნან მაშინ ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რა ქვია ამას მაშინ, როცა პირდაპირ ითხოვდნენ, მათ შორის საჯაროდ, ორგანიზებულად, ჩარტერული რეისებით საომრად უკრაინაში მოხალისეების წაყვანას. ამაზე ნებართვა ვის უნდა გაეცა, მეგობრებო? მთავრობას. მე არ გავეცი ეს ნებართვა და განმარტებაც გავაკეთე. მსოფლიოში არც ერთ მთავრობას არ გაუკეთებია მსგავსი რამ. პირიქით, ამას წინათ პრეზიდენტი ბაიდენი გამოვიდა, სხვა ევროპელი ლიდერებიც და საჯაროდ მოუწოდებდნენ საკუთარ მოქალაქეებს, რომ არ ჩაერთონ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში. მაშინ, როცა ქვეყნის ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული, რუსული ჯარი გვიდგას აქ და შენ გინდა პროვოცირება გაუკეთო და ომში ჩაერთო, ეს ნიშნავს ომში ჩართვას, მეგობრებო და როცა ერთვები სხვის ომში, სხვის წინააღმდეგ და ამას მთავრობა აკეთებს, ეს რა თქმა უნდა, ნიშნავს ომის დაწყების სურვილს”,- აღნიშნა პრემიერ- მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები