თამარ ტალიაშვილი – საქართველო ევროპულ პერსპექტივაზე: ამაყი ვარ, რომ ამ ნაბიჯების თანამონაწილე ვარ და ჩემი წვლილიც არის ამ წინსვლაში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოსგან მიღებულ პერსპექტივას გამოეხმაურა.

მისი თქმით საქართველო ყველა პარამეტრით იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, თუმცა, ევროსაბჭოს გადაწყვეტილება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ევროპისკენ.

“ხომ მაქვს განცდა და დარწმუნებულიც ვარ, რომ ყველა პარამეტრით, კრიტერიუმით – პოლიტიკურად, მორალურად და სამართლებრივად ამ პროცესში ვიმსახურებდით კანდიდატის სტატუსს და მაინც ძალიან მახარებს ევროკავშირის ლიდერების მოლოცვა ახალი ისტორიული წინსვლის შესახებ.

ევროკავშირთან ასოცირება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა და ახლა ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა –
ამაყი ვარ, რომ ამ ნაბიჯების თანამონაწილე ვარ და ჩემი წვლილიც არის ამ წინსვლაში. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ სახელისუფლებო გუნდის მიღწევები ამ 10 წელიწადში, ეს არის ხალხის არჩევანი და ერთობლივი მიღწევა.

კიდევ მეტი შრომა, რეფორმები და, რაც მთავარია, რაც ყველას ეხება, დამშვიდდით და “დეპოლარიზირდითო”. გერმანიასა და დანიაში ჩემი სწავლისა და მუშაობის პერიოდში ვისწავლე ისიც, რაც ჩემს პროფესიას პირდაპირ არ ეხებოდა. ეს ევროპული ცხოვრებისა და აზროვნების კულტურაა. სიმშვიდე და გრძელვადიანი ხედვით ცხოვრება, ამ კულტურის ნაწილია.

მოკლედ, ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი #ევროპისკენ”, – წერს ტალიაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა გარკვეული დათქმებით მიანიჭა, კანდიდატის სტატუსს კი დასახული პირობების შესრულების შემდეგ მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები