სოდერების ბავშვების გაუჩინარება: ისინი დაღუპულად ითვლებოდნენ, მაგრამ 23 წლის შემდეგ მშობლებმა ზრდასრული შვილის ფოტო მიიღეს

1945 წლის 24 დეკემბერს მრავალშვილიანი ამერიკელების, სოდერების სახლში ხანძარი გაჩნდა. მშობლებმა და ოთხმა ბავშვმა გარეთ გამოქცევა მოასწრო, კიდევ ხუთი და-ძმა კი, შიგნით დარჩა. პოლიციამ ძალიან მალე ხელი მოაწერა დასკვნას მათი სიკვდილის შესახებ და საქმე დახურა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ცოლ-ქმარმა რაღაც დეტალების შემჩნევა დაიწყო, რაც მიუთითებდა იმაზე, რომ იმ ღამეს ბავშვები საერთოდ არ ყოფილან სახლში. 23 წლის შემდეგ კი მათ ერთ-ერთი დაკარგული შვილის ფოტო მიიღეს.

გაუჩინარების ღამე

1945 წლის დეკემბერი იდგა. დასავლეთ ვირჯინიის ყველა მოსახლე ზამთრის დღესასწაულისთვის ემზადებოდა. ალამაზებდნენ სახლებს, ყიდულობდნენ საჩუქრებს, იგონებდნენ კერძებს სადღესასწაულო სუფრისთვის. მათ შორის, სოდერების ოჯახიც: ცოლ-ქმარი ჯენი და ჯორჯი, 23 წლის ჯონი, 17 წლის მარიონი, 16 წლის ჯორჯ-უმცროსი, 14 წლის მორისი, 12 წლის მარტა, 9 წლის ლუი, 8 წლის ჯენი, 5 წლის ბეტი და 2 წლის სილვია. ყველაზე უფროსი ვაჟი იმ წელს არ აპირებდა შობის ოჯახში გატარებას. ის ჯარში იყო.

24 დეკემბერს ორსართულიანი ხის სახლი მთლიანად მზად იყო ზეიმისთვის. იმავე დღის საღამოს მთელი ოჯახი რადიომიმღებთან შეიკრიბა. უფროსმა ქალიშვილმა, მარიონმა სათამაშოები მოიტანა მაღაზიიდან, სადაც მუშაობდა, რათა უმცროსი და-ძმა გაეხარებინა.

სახლი სავსე იყო ბავშვების სიცილით, გამომცხვარი ცომეულის არომატით და სადღესასწაულო ატმოსფეროთი. ჯენიმ ხუთ ბავშვს უფლება მისცა, ოდნავ გვიან დაწოლილიყვნენ დასაძინებლად და ბევრი ეთამაშათ, მაგრამ მოვალეობებიც შეახსენა: ბავშვებს უნდა ჩაეკეტათ ქათმები და გამოეკვებათ საქონელი. უმცროსები ყველა პირობას დასთანხმდნენ. როდესაც ბევრი ითამაშეს და საქმეებს მორჩნენ, დასაძინებლად წავიდნენ.

შუაღამისას, პირველ სართულზე, მამის კაბინეტში ზარი გაისმა. ჯენი საწოლიდან ადგა, რათა ყურმილი აეღო, მაგრამ მას ხმა არავინ გასცა. ქალმა იფიქრა, რომ ვიღაც ერთობოდა ან უბრალოდ ნომერი შეეშალა, ამიტომ უკან წავიდა დასაძინებლად. გზად მან შეამჩნია, რომ უფროს ქალიშვილს დივანზე ჩაძინებოდა. მან მარიონი გააღვიძა და თავის საწოლში გაგზავნა. ქალმა, ასევე, შენიშნა, რომ კარი არ იყო ჩაკეტილი. მან სახლი ჩაკეტა, ჩამოაფარა ფარდები და დასაძინებლად წავიდა.

თუმცა, ერთი საათის შემდეგ ჯენიმ კვლავ გაიღვიძა. ის სხვენში ხმაურმა გააღვიძა, სადაც ჯონის და ჯორჯ-უმცროსის ოთახი იყო. ქალმა გადაწყვიტა არ ამდგარიყო, გადაბრუნდა და რამდენიმე წუთში კვლავ დაიძინა.

01:30-ზე ქალმა მესამედ გაიღვიძა – ახლა უკვე ნამწვის სუნის გამო. მან მეუღლეც გააღვიძა და ბავშვებთან გაიქცა, რომელთა ოთახებიც ახლოს იყო. ჯორჯი ბავშვებს ეძახდა, რომ გარეთ მალე გასულიყვნენ. მშობლები აჩქარებდნენ შვილებს და უმცროსებს გასვლაში ეხმარებოდნენ.

რაღაც მომენტში ჯენი პირველ სართულზე გაიქცა, რათა მეხანძრეები გამოეძახებინა, მაგრამ ტელეფონის სადენი გადაჭრილი იყო. მაშინ დედამ უფროსი ქალიშვილი მეზობლებთან გაგზავნა, რომ იქიდან დაერეკა. ცეცხლი სულ უფრო ვრცელდებოდა სახლში და გასაგები იყო, რომ მეორე სართულზე ასვლა ვეღარ მოხერხდებოდა.

გარეთ აღმოჩნდნენ  მშობლები და ოთხი ბავშვი: ორი წლის სილვია, 17 წლის მარიონი და ორი უფროსი ვაჟი. დანარჩენი ბავშვები, რომლებიც გვიან დაწვნენ, სახლში დარჩნენ.

მშობლები გაგიჟებულები იყვნენ. ჯორჯი კიბისაკენ წავიდა, რომელიც ყოველთვის სახლის უკან იდგა, რათა ფანჯრიდან გადასულიყო ბავშვებთან. თუმცა, ის იქ აღარ დახვდა. მაშინ გადაწყვიტა, რომ თავისი სატვირთო მიეყენებინა და ავტომობილის ჭერიდან მეორე სართულზე გადამძვრალიყო. მაგრამ, ისიც, თითქოს, განზრახ არ იქოქებოდა, მიუხედავად იმისა, რომ დღისით ჩვეულებრივ მუშაობდა. ამ დროისთვის უკვე მთელი სახლი ცეცხლში იყო გახვეული და შიგნით შესვლა შეუძლებელი გახლდათ. ოჯახს მხოლოდ იქ დგომა და ყურება შეეძლო. ისინი იმედს იტოვებდნენ, რომ ხუთი ბავშვი გადარჩებოდა.

ხანძრის დეტალები

სასწაული არ მოხდა: მარიონი ჯერ კიდევ ცდილობდა მეხანძრეებთან დარეკვას. ისინი ყურმილს არ იღებდნენ. მეზობელს მოუწია ქალაქის ბოლოში წასულიყო, რათა პირადად შეეტყობინებინა მომხდარი სახანძროს უფროსისთვის, რომელმაც, თავის მხრივ, ყველა დამხმარესთან რეკვა და ჯგუფის შეკრება დაიწყო. შემდეგ სახანძრო მანქანისთვის წავიდა. ამაზე ძალიან დიდი დრო დაიხარჯა.

როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, მაშველები ასე ნელა იმიტომ რეაგირებდნენ, რომ მათი ნახევარი მეზობლებთან იყო გადასული დღესასწაული აღსანიშნავად, ხოლო დანარჩენები გამოუცდელი ახალბედები იყვნენ.

სოდერების სახლამდე მაშველები მხოლოდ დილის 8 საათზე მივიდნენ. ამ დროისთვის სახლის კვალიც კი აღარ არსებობდა. ხუთი შვილი – ბეტი, ჯენი, მორისი, მარტა და ლუისი – უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ.

გარკვეული დროის შემდეგ შემთხვევის ადგილზე პოლიციელები მივიდნენ და დაადგინეს, რომ აალება გაუმართავი ელექტროსადენების გამო მოხდა, ხუთი ბავშვი კი, მრავალი დამწვრობის შედეგად დაიღუპა. ცოლ-ქმარს ეს ვერსია არ მოეწონა, ვინაიდან ბავშვების ნეშტი ნაპოვნი არ იყო. მათ მთავრობას სთხოვეს, დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაეტარებინათ, გაერკვიათ, რა ტემპერატურა იყო ხანძრის დროს და შეიძლებოდა თუ არა, ცეცხლს სხეულები გაენადგურებინა.

ისინი თავში გამუდმებით ალაგებდნენ ყველა დეტალს იმ ღამიდან. ყურადღებას ამახვილებდნენ მოგონებებზე, რომლებიც მათ შემდეგ საეჭვო ეჩვენებოდათ.

ის უცნაური ზარი, გამქრალი კიბე,  გადაჭრილი სატელეფონო კაბელი, გაუმართავი სატვირთო – იყო თუ არა ეს დამთხვევები?

ასევე, გამოძიებისგან მოვიდა ახალი ინფორმაცია: ადამიანის ნეშტები ნაპოვნი არ იყო. ყველამ კარგად იცოდა, რომ ნეშტების სრულად დასაწვავად გაცილებით ძლიერი ცეცხლია საჭირო.

გარდა ამისა, სოდერების ოჯახი გააოცა ასეთმა დეტალმა: თუკი ხანძარი გაუმართავი სადენების გამო მოხდა, მაშინ ხანძრის დროს რატომ ენთო პირველ სართულზე შუქი?

იმ ღამემ ძალიან ბევრი ეჭვი გააჩნია. მშობლებს მთავარი კითხვა აწუხებდათ: საერთოდ, იყვნენ თუ არა ბავშვები იმ ღამეს სახლში?

„აქ რაღაც ისე არ არის“

წინა დღით მათ სახლში მამაკაცი მივიდა, რომელიც დაჟინებით ცდილობდა მათთვის საოჯახო დაზღვევის პაკეტის მიყიდვას. როდესაც ოჯახმა ის კატეგორიული უარით გაისტუმრა, მან თქვა: „თქვენი დაწყევლილი სახლი კვამლით დაიწვება და შენი შვილები განადგურდებიან. მუსოლინის მიმართ გაკეთებულ ბინძურ გამონათქვამების გამო, სამაგიეროს გადაგიხდიან“.

უფროს ვაჟებს ისიც გაახსენდათ, რომ ცოტა ხნის წინ სახლთან ნახეს საეჭვო მამაკაცი, რომელიც ყურადღებით აკვირდებოდა, როგორ თამაშობდნენ ბავშვები ეზოში.

ოჯახს ერთი უცნობიც გაახსენდა, რომელიც სამსახურის ძებნის საბაბით მივიდა საოჯახო ნაკვეთთან და დაიწყო იმაზე საუბარი, რომ მათ სახლს დენის ცუდი გაყვანილობა ჰქონდა, რაც ხანძარს გამოიწვევდა. სოდერების ოჯახს ახლახან კიდევ ერთი რემონტი ჰქონდათ გაკეთებული, ამიტომ ამ ინფორმაციამ ისინი ოდნავ გააოცა. გამოიძახეს რამდენიმე შემოწმება – ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ყველაფერი რიგზე იყო.

გარკვეული ხნის შემდეგ, ავტობუსის მძღოლმა ჯორჯთან საუბარში შემთხვევით ახსენა, რომ იმ ღამეს დაინახა, თითქოს, ვიღაცამ რაღაც ცეცხლოვანი ესროლა მათ სახლის სახურავს.

სასტუმროსა და სასადილოში, სოდერების სახლიდან რამდენიმე მილის დაშორებით, იმ ღამის შემდეგ მოზრდილები ნახეს ხუთ ბავშვთან ერთად. თუმცა, ვერავინ აღწერდა მოზარდებს.

ჯორჯი და ჯენი მიხვდნენ, რომ ამ საქმეში რაღაც რიგზე არ იყო. მათ გადაწყვიტეს, გამოძიების სადავეები საკუთარ ხელში აეღოთ და დამოუკიდებლად გაერკვიათ ყველაფერი.

ბავშვების ძებნა

პირველ რიგში სოდერების ოჯახმა ჩაატარა ექსპერიმენტი – აიღეს ქათმის ძვლები და ცეცხლში ჩააგდეს. მათ ცეცხლი გააჩერეს იმდენი ხნით, რა დროითაც მათი სახლი იწვოდა. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ძვლები ხელუხლებელი დარჩა. ეს იმას ადასტურებდა, რომ ბავშვების ნაშთები უნდა აღმოჩენილიყო.

შემდეგ ჯენიმ დაიწყო პრესაში და წიგნებში ხანძრის მსგავსი ისტორიების ძებნა, რამაც ასევე დაადასტურა, რომ უფრო ძლიერი ხანძრის შემთხვევაშიც კი, ნაშთები უნდა გადარჩენილიყო.

ასე მათ შეაგროვეს გარკვეული მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ თუ ბავშვები ხანძრის დროს სახლში იყვნენ, მაშინ ისინი აუცილებლად უნდა გადარჩენილიყვნენ. სოდერები პოლიციაში წავიდნენ. ისინი ახალი საქმის გახსნას ითხოვდნენ, მაგრამ მათი არგუმენტები ხელისუფლებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ამიტომაც, შემდგომ გამოძიებაზე უარი მიიღეს.

შემდეგ ჯორჯმა და ჯენიმ თავიანთ სახლთან ხელნაწერი ბანერი დაამონტაჟეს. მათ დაბეჭდეს დაკარგული ბავშვების ფოტოები, მოაწერეს ხელი და განაცხადეს, რომ იცოდნენ, რომ მათი შვილები ცოცხლები იყვნენ. ვინც მათ ჯანმრთელად დააბრუნებდა, მიიღებდა 10 000 დოლარს.

თუმცა, ოჯახს არავინ გამოეხმაურა. შემდეგ წყვილმა კერძო დეტექტივს მიმართა. მან კიდევ ერთი საეჭვო დეტალი აღმოაჩინა. აგრესიული მამაკაცი, რომელიც ოჯახის დაზღვევის გაყიდვას ცდილობდა, იყო სასამართლო ექსპერტი, რომელმაც ხანძარი გაყვანილობას დააბრალა. დეტექტივმა მოისმინა მეხანძრის უფროსის საუბარიც, რომელმაც მეგობარს უთხრა, რომ ხანძრის დროს გული იპოვა და დამარხა. როდესაც დეტექტივმა დაკრძალვის ადგილის მითითება და ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა, შედეგმა აჩვენა, რომ ეს ძროხის ღვიძლი იყო.

სოდერები კარგა ხანს ვერ ეგუებოდნენ სიტუაციას.  ათწლეულების განმავლობაში, ისინი ცნობდნენ თავიანთ შვილებს გაზეთების ამონაწერებში, მოგზაურობდნენ ქვეყნის სხვა ნაწილებში, რათა ეპოვათ ეს ადამიანები ფოტოებიდან. მათ უპასუხეს ყველა წერილს და გამორიცხეს ყველა ხელჩასაჭიდი. სოდერების ოჯახი სენტ-ლუისში მიემგზავრებოდა, როცა უთხრეს, რომ მათი ერთ-ერთი ქალიშვილი იქ მონასტერში ნახეს. ისინი წავიდნენ ტეხასში, სადაც ვიღაცამ დაინახა მთვრალი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ლუის სოდერი იყო. თუმცა, ყველა ზღურბლზე ან, უბრალოდ, არ გააღეს კარი, ან აღიარეს, რომ ეს ხუმრობა იყო.

შვილის ფოტო

იმ უბედური ღამიდან 23 წლის შემდეგ სოდერების ოჯახმა კიდევ ერთი წერილი მიიღო. წერილში იყო ახალგაზრდა მამაკაცის შავ-თეთრი ფოტო და წარწერა: „ლუის სოდერი. მე მიყვარს ძმა ფრენკი. Illil Boys. A90132 ან 35″

წყვილმა დაინახა პირდაპირი მსგავსება მათ ზრდასრულ ბიჭთან: აწეული მარცხენა წარბი, ხვეული თმა, მუქი თვალები. მაგრამ გამომგზავნის მისამართი მითითებული არ იყო.

ოჯახს არ სურდა წერილის ადგილობრივ მედიაში გამოქვეყნება: ეშინოდათ შვილისთვის ზიანის მიყენების. შემდეგ მათ კვლავ დაიქირავეს დეტექტივი, რომელმაც ბეჭდიდან გაარკვია, რომ წერილი კენტუკიდან იყო გაგზავნილი. თუმცა, მათ ვერ იპოვეს გამგზავნი და ვერც ფოტოდან ახალგაზრდა მამაკაცის ვინაობა დაადასტურეს.

მშობლებმა ეზოში იმავე ბანერზე ახალი შავ-თეთრი ფოტო დაკიდეს და განაგრძეს ლოდინი.

ჯორჯი იმავე წელს გარდაიცვალა, როდესაც ოჯახმა მიიღო ფოტო. ჯენიმ კიდევ 21 წელი იცოცხლა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, მხოლოდ შავი ტანსაცმელი ეცვა და ძებნას განაგრძობდა.

ბავშვებიდან დღეს ცოცხალია მხოლოდ უმცროსი გოგონა, სილვია. ის 79 წლისაა. ის და სოდერების შვილიშვილები კვლავ ეძებენ ბეტის, ჯენის, მორისს, მართას და ლუის. დარწმუნებულები არიან, რომ ბავშვები იმ დღეს გაიტაცეს. თვეში რამდენჯერმე, ისინი ამოწმებენ ვებგვერდებს უგზო-უკვლოდ დაკარგული (და ნაპოვნი) ადამიანების შესახებ, ათვალიერებენ სახეებს და ურთიერთობენ დეტექტივებთან, რომლებიც, მათი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, მონაწილეობენ ამ საქმეში.

მაგრამ, ჯერჯერობით, ხელჩასაჭიდი არაფერია – 77 წლის შემდეგ არავინ იცის, რა დაემართა მორისს, მართას, ლუის, ჯენის და ბეტი სოდერებს 1945 წლის შობის ღამეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები