ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს
22 ივნისს მოსული უხვი ნალექისა და ძლიერი ქარის შედეგად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი მნიშვნელოვნად დაზიანდა.
სტიქიამ განსაკუთრებით დააზარალა სოფლები: ლიხეთი, აბარი, ურავი, საკეცია, ზნაკვა, სადმელი. დაზიანებულია გზები, ელექტრო გადამცემი ბოძები, დატბორილია ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები, საცხოვრებელი სახლების ნაწილს გადახდილი აქვს სახურავები.
სტიქიით დაზარალებულ სოფლებში მოადგილეებთან და შესაბამის სამსახურებთან ერთად დილიდან იმყოფებიან სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ქრისტინე კობახიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე.
ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობისგან დეტალური ინფორმაციები მოისმინეს სოფლებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ადგილზე გაეცნენ სტიქიის შედეგებს.
სტიქიის ზონებში მობილიზებულია ტექნიკა და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, დილიდან შექმნილია სტიქიის დამთვლელი კომისია და ხდება ზარალის ზუსტი აღრიცხვა.