ნიკოლოზ მჟავანაძე თბილისის რომელიმე ქუჩისთვის ოთარ გურგენიშვილის სახელის მიენიჭებას ითხოვს
“უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე გამოდის ინიციატივით, თბილისის რომელიმე უსახელო ქუჩას ტრაგიკულად დაღუპული ოთარ გურგენიშვილის სახელი ეწოდოს.
“21 წლის ახალგაზრდა ნიჭიერმა პოეტმა თავისი სიცოცხლე გაიღო პატარა ბავშვის გადასარჩენად და აჩვენა უპრეცედენტო თავგანწირვა. ხშირად ვიხსენებთ წარსული დროის გმირებს და, საბედნიეროდ, ღმერთი ახლაც გვივლენს ისეთ ადამიანებს, რომლებიც გვაძლევენ მაგალითს იმისას, თუ რას ნიშნავს მოყვასის სიყვარული. ოთარ გურგენიშვილი და მისი სახელობის ქუჩის არსებობა იქნება მაგალითი მომავალი თაობისთვისაც, თუ რა იდეალებით და რა პრინციპებით უნდა იცხოვრონ. მივმართავთ ახლად არჩეულ თბილისის საკრებულოს, დაიწყოს აღნიშნულ საკითხზე მუშაობა, მით უმეტეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმაც გამოთქვა თავისი პოზიცია აღნიშნულთა დაკავშირებით, როცა განაცხადა: „გმირულად დაღუპული ახალგაზრდა – ოთარ გურგენიშვილი ნამდვილად იმსახურებს ჯეროვან დაფასებას და სახელის უკვდავყოფასო’’, – აღნიშნა მჟავანაძემ.
“უფლებადამცველთა გაერთიანება” ასევე მიმართავს კულტურის სამინისტროს, გაიღოს სახსრები ოთარ გურგენიშვილის ლექსების კრებულის გამოსაცემად.