ირაკლი ქადაგიშვილი: ვფიქრობ, რომ ისევე, როგორც აქამდე გვქონდა ხელშესახები პროგრესი, ეს პროგრესი კიდევ უფრო თვალნათელი გახდება ევროკავშირისთვის
ვფიქრობ, რომ ისევე, როგორც აქამდე გვქონდა ხელშესახები პროგრესი, ეს პროგრესი კიდევ უფრო თვალნათელი გახდება ევროკავშირისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველა შესაბამისი სტრუქტურა გააგრძელებს მუშაობას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.
„სახელმწიფო, მთავრობა, მმართველი პარტია, პარლამენტი – ყველა ეს სტრუქტურა გააგრძელებს მუშაობას ამ მიმართულებით. კარგია, რომ არსებობს გარკვეული ვადა, რაც ჩვენ გარკვეულ ათვლის წერტილს და სამუშაოს შესრულების ბოლო ვადას გვიჩვენებს. მე ვფიქრობ, რომ ისევე, როგორც აქამდე გვქონდა ხელშესახები პროგრესი, ეს პროგრესი კიდევ უფრო თვალნათელი გახდება ევროკავშირისთვის.
ორი რამ, რაც უნდა გააცნობიეროს ჩვენი ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა, არის ის, რომ მათ უნდა აღიარონ, რომ არსებული მოცემულობა, არსებული პოლიტიკურ ძალთა ბალანსი პარლამენტსა და ხელისუფლებაში არის ქართველი ხალხის კანონიერი ნების გამოხატულება და მეორე – უნდა მოეშვან ამ უსაფუძვლო კონტრპროდუქტიულ დამანგრეველ იდეოლოგიას, რომ ხელისუფლება არის პრორუსული“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.