კარლ ჰარცელი: ევროკომისიამ დღეს საქართველოს თანხმობა გამოუცხადა და ეს ისტორიული მომენტია

ევროკომისიამ დღეს საქართველოს თანხმობა გამოუცხადა და ეს ისტორიული მომენტია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ევროპული კომისიის საქართველოსთვის პერსპექტივის მიცემის რეკომენდაციებს გამოეხმაურა.

ელჩის თქმით, ამ მოგზაურობაში შემდეგი სადგური იქნება გადაწყვეტილება, რომელსაც ევროპულ საბჭოში ერთხმად მიიღებს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო, რომლებიც მომავალ კვირას ხუთშაბათს და პარასკევს შეიკრიბებიან.

„მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება საბოლოო გადაწყვეტილებები უკრაინის საქართველოსა და მოლდოვის შესახებ. მოდით ნათელი იყოს, ევროკომისიამ დღეს საქართველოს თანხმობა გამოუცხადა და ეს ისტორიული მომენტია. მაგრამ მასში ასევე გამოხატულია შეშფოთება, ქვეყნის ამჟამინდელ ტრაექტორიაზე, თუმცა ამავდროულად ჩამოყალიბებულია ძალიან მკაფიო სამუშაოების სია, რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს, დაძლიოს ეს შეშფოთება და ნებისმიერი სკეპტიციზმი საქართველოს გულწრფელობის შესახებ, როდესაც საქმე ეხება მის სტრატეგიულ პროევროპულ არჩევანს.
ვინაიდან მე არ ვარ ახალბედა პოლიტიკურ ცხოვრებაში საქართველოში, არ ვიტყვი, რომ ეს ადვილი იქნება, მაგრამ გადამწყვეტი მოქმედებაა საჭირო და ეს არის ის, რისი მოლოდინის უფლებაც აქვს საქართველოს მოსახლეობას და ამომრჩეველს თავისი პოლიტიკური ელიტისგან, რა თქმა უნდა, ევროკავშირი იქნება იქ, როგორც ადრე, რათა დაეხმაროს საქართველოს ამ საქმეში“, – განაცხადა ჰარცელმა.

შეგახსენებთ, ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატობის სტატუსის მისაცემად რეკომენდაციები გასცა, საქართველოს კი წევრობის პერსპექტივა მიანიჭა და კონკრეტული სამოქმედო გეგმის სახით რეკომენდაციები გასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები