ხათუნა სამნიძე: მტკიცე ნაბიჯებით ევროპისკენ სვლა უნდა გავაგრძელოთ, პერსპექტივა არსებობს, გვაქვს დრო და კონკრეტული გეგმა

ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ევროპისკენ სვლა მტკიცე ნაბიჯებით უნდა გავაგრძელოთ, რადგან გვაქვს კონკრეტული გეგმა და არსებობს პერსპექტივა.

მისი თქმით, ევროპულმა პარტნიორებმა მკაფიოდ ჩამოწერეს ის საკითხები, რომლებიც აუცილებელია, რათა ეს ქვეყანა მტკიცედ დადგეს ევროპულ გზაზე და, საბოლოოდ, შევაბიჯოთ ამ ოჯახში.

„პირველი, რაც ამ ჩამონათვალში წერია, ეს არის 19 აპრილის შეთანხმება, რომელზეც ოპოზიციას არ შეუჩერებია საუბარი არცერთ ეტაპზე, რომელიც ნიშნავს, რომ საპარლამენტო მუშაობის გაძლიერებასთან ერთად უნდა შესრულდეს და გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები კონკრეტული რეფორმების შესასრულებლად. ეს ჩანაწერი არის, პირველ ყოვლისა, ამ მოთხოვნებში. რა თქმა უნდა, მოთხოვნებში გაჟღერებულია პოლარიზაციის პრობლემა. ამის გარეშე თუ ხელისუფლება ვერ გაიაზრებს, რომ საჭიროა ოპონენტებთან დიალოგის რეჟიმში თანამშრომლობა ამ საკითხზე მაინც, ჩვენ ევროპა ვერ დაგვინახავს როგორც საკუთარი ოჯახის წევრს. რა თქმა უნდა, მართლმსაჯულება, ადამიანის უფლებები, უმცირესობების დაცვა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი. არცერთ ჩვენს პარტნიორს არ გამოჰპარვია ჩვენს ქვეყანაში 5-6 ივლისის უსაშინლესი მოვლენები. ხელისუფლება ვიდრე არ გაიაზრებს, რომ საკუთარი დაორგანიზებული, მარგინალური ჯგუფების გამოყენებით უნდა შეწყვიტოს უმცირესობების დევნა, განსხვავებული აზრის დევნა, ჩვენი ევროპული პარტნიორები ვერ ხედავენ ჩვენს მომავალს ევროკავშირში. დეოლიგარქიზაცია ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი განხილულია როგორც არაფორმალური მმართველი, რომელიც ამ ქვეყანას აფერხებს, რომ გახდეს ევროპის სრულფასოვანი წევრი. ღია არის კარი, ეს არის მთავარი და უნდა გავაგრძელოთ მტკიცე ნაბიჯებით ევროპისკენ სვლა. პერსპექტივა არსებობს, გვაქვს დრო და კონკრეტული გეგმა, რომლის შესრულებაც უნდა ვაიძულოთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას“, – განაცხადა სამნიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები