ირაკლი კობახიძე: დემოკრატიული ინსტიტუტების სიმტკიცე, მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება არის უმთავრესი, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების რეალურ შესაძლებლობას შეუნარჩუნებს
დემოკრატიული ინსტიტუტების სიმტკიცე, მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება არის უმთავრესი, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების რეალურ შესაძლებლობას შეუნარჩუნებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კობახიძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას, პრემიერმინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, მთავრობის სხვა წევრებს, პარლამენტარებს, საჯარო მოსამსახურეებს, ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა განაცხადის მომზადებასა და ევროკავშირის სტრუქტურების წინაშე მის ადვოკატირებაში. ასევე, მადლობა გადაუხადა ევროკავშირის თითოეულ წარმომადგენელს, რომელიც საქართველოს საკითხს გულდასმით გაეცნო და ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას მხარი დაუჭირა.
„დემოკრატიული ინსტიტუტების სიმტკიცე, მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება არის უმთავრესი, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების რეალურ შესაძლებლობას შეუნარჩუნებს. აქედან გამომდინარე, დემოკრატიული ინსტიტუტების სიმტკიცის კიდევ უფრო გასამყარებლად, მშვიდობის დასაცავად და ეკონომიკური წინსვლის უზრუნველსაყოფად მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს“, – განაცხადა კობახიძემ.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რეკომენდაციას უწევს საბჭოს, საქართველოს მიანიჭოს ევროპული პერსპექტივა და შემდეგ კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე პირობების შესრულება შეფასდეს.