ალექსი ბატიაშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა
„მსოფლიოში უსაფრთხოების კუთხით შექმნილი ახალი გამოწვევების პირობებში, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის კიდევ უფრო მეტ დატვირთვას იძენს მჭიდრო, მუდმივი თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებსა და მეგობარ სახელმწიფოებთან, ასევე, წამყვან რეგიონულ და საერთაშორისო ინსტიტუტებთან“, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ პარლამენტში 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
ალექსი ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ სამსახურის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, მიმდინარეობდა სტრატეგიულ მოკავშირეებთან სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობა და კონკრეტულ მიმართულებებზე მჭიდრო კოორდინაცია, მათ შორის, კონტრდაზვერვის, ტერორიზმის, კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდული საფრთხეების კუთხით.
მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესი იყო აღნიშნულ სფეროებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერა როგორც პროფესიული განვითარების, ასევე ცალკეული დანაყოფების ტექნიკური აღჭურვილობის კუთხით. ამასთან, 2021 წელს სამსახური აქტიურად განაგრძობდა ნატოსთან თანამშრომლობას და ჩართული იყო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში.
ალექსი ბატიაშვილის განცხადებით, გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების კომპლექსურობიდან გამომდინარე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომავალშიც განაგრძობს აქტიურ თანამშრომლობას სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობარი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან.