შინაგან საქმეთა სამინისტროს უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაცია ოფიციალური სამუშაო ვიზიტით ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამუშაო ვიზიტით, უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია მინისტრის მოადგილის – აზიზბეკ იკრამოვის ხელმძღვანელობით ეწვია. სამ დღიანი ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტისა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრებზე მხარეებმა ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის არსებული ურთიერთობის მნიშვნელობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. სტუმრებმა ყურადღება გაამახვილეს ქართული მხარის მიერ გაზიარებული ინფორმაციისა და გამოცდილების მნიშვნელობაზე. უზბეკეთის ოფიციალური დელეგაციის წევრები ასევე ეწვივნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, ერთიანი მომსახურების ცენტრს, მომსახურების სააგენტოს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ს, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასა და ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულს.

შეხვედრების ფარგლებში, სტუმრები სამინისტროს დანაყოფების მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ და ხელმძღვანელი პირებისგან ინფორმაცია მიიღეს უწყებაში განხორციელებული რეფორმების შესახებ. ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა, უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, აზიზბეკ იკრამოვმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან გამართა.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული რეფორმების გაცნობა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.

ვიზიტის დასასრულს, დელეგაციის ხელმძღვანელმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა გამოცდილების გაზიარებისთვის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია საპასუხო ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკაში მიიწვია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები