ირაკლი პეტრიაშვილი: ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ან სამივე ქვეყანა მიიღებს, ან – არცერთი
ამერიკის შეერთებული შტატების პროფკავშირების საარჩევნო ყრილობის ფარგლებში, პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელსა და პროფკავშირების, ამერიკული და ევროპული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის ორმხრივი შეხვედრები გაიმართა, სადაც მთავარი სასაუბრო თემა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იყო.
ირაკლი პეტრიაშვილის ინფორმაციით, ევროპული სტრუქტურების მაღალი თანამდებობის პირებისა და სამოქალაქო საზოგადოების პოზიცია ამ საკითხთან მიმართებით იდენტური, განწყობა კი დადებითია.
ევროპელ მაღალი თანამდებობის პირებს სამივე ქვეყნის შემთხვევაში, კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, დადებითი პასუხის მოლოდინი აქვთ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ეს ისტორიული კარი საქართველოსთვის არ გაიხსნება, არ გაიხსნება სხვებისთვისაც. შეხვედრის ფარგლებში, ასევე, საქართველოში შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრეს.
ამასთან, პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი, ირაკლი პეტრიაშვილი 20 ივნისს ევროკომისიაში ჩანიშნულ შეხვედრაზე აპლიკანტი ქვეყნების პროფკავშირების ლიდერებთან ერთად არის მიწვეული, სადაც კიდევ ერთხელ განიხილავენ როგორც შრომითი ურთიერთობის სფეროში განხორციელებულ რეფორმებს, ისე, სამივე ქვეყნისთვის: საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს.