ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოდან ღვინის 16 კომპანია იყო წარმოდგენილი
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით პეკინში გამართულ ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე (2014 BEIJING (YANQING) INTERNATIONAL WINE EXPOSITION) საქართველოდან ღვინის 16 კომპანია იყო წარმოდგენილი. სააგენტოს ცნობით, ეს კომპანიებია “კახური ტრადიციული მეღვინეობა”, “ბესინი”, “ვაზიანი”, “კახური”, “ვაინმენი”, “შალვინო”, “კორპორაცია ქინძმარაული”, “თელიანი ველი”, “მეღვინეობა ხარება”, “კახური ღვინის მარანი”, “ქინძმარაულის მარანი”, “თელავის ღვინის მარანი”, “შუმი”, “ქიმერიონი”, “დუგლაძეების ღვინის კომპანია” და “კორპორაცია ქართული ღვინო”.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პეკინის ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე ტრადიციულად თავს იყრიან წამყვანი მეღვინეები, ღვინის იმპორტიორები და მიმწოდებლები როგორც ჩინეთიდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
“პეკინის საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინის წარდგენა იყო უნიკალური შესაძლებლობა ჩინეთში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისა და პოზიტიური იმიჯის ჩამოსაყალიბებლად. აქ ქართული ღვინო თანაბარ პოზიციებზე წარსდგა მეღვინეობით განთქმული ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორიცაა საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია და სხვა. ეს კი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია”, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმა.
გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ შერჩეული მარკეტინგული კომპანია “Meiburg Wine Media”-ს ხელმძღვანელმა, ცნობილმა ღვინის მაგისტრმა დებრა მეიბურგმა ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაცია ჩაატარა, რომელსაც 100-მდე მსმენელი და ასევე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დავით აფციაური დაესწრო.