გერმანიაში ინფლაციამ, თითქმის 50 წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია

გერმანიაში, მაისში წლიურმა ინფლაციამ 7,9% შეადგინა.

ამის შესახებ DW ფედერალური სტატისტიკური სამსახურის ყოველთვიურ ანგარიშზე დაყრდნობით წერს.

აღინიშნება, რომ ქვეყანაში უკვე მესამე თვეა ფასების მატება ფიქსირდება, მარტში ის იყოს 7,3%, ხოლო აპრილში 7,4%.

როგორც სტატისტიკის სამსახურის პრეზიდენტმა, გეორგ ტიელმა განმარტა, “მაღალი ინფლაციის მთავარ მიზეზად რჩება ენერგორესურსებზე ფასების ზრდა.
“მაგრამ ჩვენ ასევე ვხედავთ ფასების ზრდას ბევრ სხვა საქონელზე, განსაკუთრებით, საკვებზე,- აღნიშნა მან.

მისივე თქმით, წლიური ინფლაციის ასეთი მაღალი დონე გერმანიაში, ბოლოს 1973-1974 წლების ზამთარში ნავთობის კრიზისის დროს დაფიქსირდა.

2022 წლის მაისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ენერგორესურსებზე ფასები 38.3%-ით გაიზარდა. ყველაზე მეტად გაძვირებულია მაზუთი – 94,8%-ით,; ბუნებრივი აირი – 55,2%; საავტომობილო საწვავი – 41%; ელექტროენერგია 21,5%-ით გაძვირდა.

მაისში ასევე სურსათის ინფლაციამ, გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, 11.1%-ს მიაღწია.

ყველაზე მეტად გაძვირებულია მცენარეული ზეთები და ცხიმები – 38,7%-ით; ხორცსა და ხორცპროდუქტებზე ფასების ზრდამ 16.5% შეადგინა; რძის პროდუქტებსა და კვერცხზე – 13.1%; პურსა და მარცვლეულზე – 10.8%.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები