ლუგანსკის რეგიონი აქტიური საბრძოლო მოქმედებების ადგილად რჩება.
კერძოდ, სასტიკი ბრძოლები გრძელდება ვრუბოვკას ერთ-ერთ რაიონში, სევეროდონეცკსა, და ტოშკოვკაში.
მშვიდობიან მოქალაქეებში ბევრი დაშავებულია.
ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ დაწერა.
მისი თქმით, ბოლო ორი დღის განმავლობაში ჰოსპიტალიზებულია ლისიჩანსკის ექვსი მცხოვრები და ორი – ზოლოტოედან.
გაიდაის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპანტებმა ლისიჩანსკში ყოფილი ქარხანა – “დონსოდა” დაბომბეს, შენობის მახლობლად მდებარე რამდენიმე ნაგებობა და საცხოვრებელი სახლია დაზიანებული.
ასევე, ოკუპანტებმა ცეცხლი გახსნეს „მინის ქარხნის“ მიმართულებითაც, სადაც, სულ მცირე, რვა სახლი დაზიანდა.
გორნოში 14 სახლია დანგრეული.
სევეროდონეცკში ოკუპანტებმა “აზოტის” ქარხანა ისევ დაბომბეს, დაზიანდა საწარმოს შესასვლელი, ახლოს მდებარე მაღალსართულიან შენობებს კი მიწასთან ასწორებენ.
“მტერი გაცილებით სუსტია ქუჩის ბრძოლებში, ამიტომ, ის ხსნის ცეცხლს არტილერიიდან, რის გამოც ჩვენი სახლები ინგრევა”, – დაწერა გაიდაიმ.