ირაკლი კობახიძე: როდესაც ორი დღით ადრე აანონსებ აქციას, არის მაღალი რისკი იმისა, რომ წარმატებით ვერ შედგეს, კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს წინასწარი კონსულტაციები მმართველ პარტიასთან გაევლო

როდესაც პრაქტიკულად ორი დღით ადრე აანონსებ აქციას, არის მაღალი რისკი იმისა, რომ აქცია წარმატებით ვერ შედგეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტის მიერ 16 ივნისს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პირველ რიგში, ძალიან კარგი იქნებოდა, რომ პრეზიდენტს წინასწარი კონსულტაციები გაევლო მმართველ პარტიასთან.

„ჩვენ გვაქვს ბევრად დიდი გამოცდილება აქციებთან მიმართებით და ვიცით, როგორ არის უკეთ შესაძლებელი ადამიანების მობილიზება აქციის გარშემო. ასეთ დროს, როდესაც პრაქტიკულად ორი დღით ადრე აანონსებ აქციას, არის მაღალი რისკი იმისა, რომ აქცია წარმატებით ვერ შედგეს. აქედან გამომდინარე კარგი იქნებოდა, წინასწარ გაევლო კონსულტაციები მმართველ პარტიასთან – ეს არ მოხდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა დეტალზე გვექნება მსჯელობა, აპრიორი წარუმატებელ აქციაში ჩვენთვის მონაწილეობა იქნება მიუღებელი, თუმცა ვნახოთ, ვიმსჯელებთ ყველაფერთან დაკავშირებით. ევროკავშირში ინტეგრაცია და კანდიდატის სტატუსის მიღება არის ისეთი თემა, სადაც აქციას რომ აორგანიზებ, უნდა გქონდეს გარანტია, რომ შეიკრიბება მინიმუმ ასი ათასი ადამიანი და ორი დღით ადრე ამას როდესაც აკეთებ ყოველგვარი მომზადების გარეშე, ამის გარანტია, ბუნებრივია, ვერ გექნება. წარუმატებელი აქცია იქნება კონტრპროდუქტიული შედეგის მიღწევის თვალსაზრისით, ამიტომ ყველაფერზე გვექნება მსჯელობა და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 16 ივნისს ევროპის მოედანზე ევროპული კურსის მხარდამჭერი აქცია დააანონსა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები