აშშ-ში საქართველოს საელჩომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის და ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებას უმასპინძლა

აშშ-ში საქართველოს საელჩომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის და ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიების შესახებ ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს ელჩი, დავით ზალკალიანი ავრცელებს.

ინფორმაციის მიხედვით, საღამოს სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა დავით ზალკალიანმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ კარენ დონფრიდმა, თავდაცვის მდივნის მოადგილის თანაშემწემ ლორა კუპერმა და სენატორმა გერი პიტერსმა. საღამოს საქართველოს დესპანი აშშ-ში გიორგი ციკოლია უძღვებოდა. ქართული კულტურის წარმოსაჩენად, საღამო ანსამბლ შვიდკაცამ გააფორმა, რომელმაც საქართველოს, შეერთებული შტატების და ევროკავშირის ჰიმნები, უკრაინის მხარდამჭერი ხალხური სიმღერა და მრავალჟამიერი შეასრულა. მადლობა ქართველ ბიზნესმენს დიმიტრი აბდუშელიშვილს ანსამბლ შვიდკაცას მხარდაჭერისთვის.

მოწვეულმა სპიკერებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს და ხაზი გაუსვეს დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის საქართველოს თაობების მანძილზე თავდადებულ ბრძოლას, და დღევანდელი თავისუფლების გასამყარებლად საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცების აუცილებლობას.

ღონისძიებას 500-მდე მოწვეული სტუმარი დაესწრო, აშშ-ის სახელმწიფო სტრუქტურებიდან, კონგრესიდან, არასამთავრობო და ანალიტიკური ორგანიზაციებიდან, დიასპორული ორგანიზაციებიდან, და ასევე დიპლომატიური კორპუსის, თავდაცვის, ბიზნესისა და მედიის სფეროდან.

ღონისძიებაზე, ღვინის სახელმწიფო სააგენტოს ხელშეწყობით ქართული ღვინის სტენდით საქართველოს, როგორც უძველესი ღვინის მწარმოებელი ცივილიზაციის პოპულარიზაცია მოხდა.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მხარდაჭერით შეიქმნა საქართველო-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობების 30 წლის იუბილის აღსანიშნავი უნიკალური ციფრული ნიშანი – Non-Fungible Token (NFT), რომელიც საღამოს ლატარეის ფორმატში გათამაშდა და გამარჯვებულს გადაეცა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები