ევროკავშირის სივრცეში ე.წ. კოვიდპასპორტების (EUDCC) მოქმედების ვადა კიდევ ერთი წლით – 2023 წლის ივნისამდე გახანგრძლივდება.
ამის შესახებ ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს ერთობლივ გადაწყვეტილებაშია ნათქვამი.
აღინიშნება, რომ ნაბიჯი პრევენციულ ზომას ატარებს – იმ შემთხვევისთვის, თუ მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ვარიანტი გამოჩნდება.
დისკუსიაში მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა თავი უნდა შეიკავონ EUDCC-ს მფლობელებისთვის თავისუფალ გადაადგილებაზე დამატებითი შეზღუდვების დაწესებისგან. ეს დაიშვება მხოლოდ მაშინ, როდესაც ასეთი შეზღუდვები აუცილებელია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად, არის პროპორციული და არ იწვევს დისკრიმინაციას.
როგორც ევროკომისარმა იუსტიციისა და კანონის უზენაესობის საკითხებში, დიდიე რეინდერსმა თქვა, მისასალმებელია, რომ წევრმა ქვეყნებმა გადაადგილებაზე ყველა შეზღუდვა მოხსნეს, ”თუმცა, ეპიდემიოლოგიური ვითარება შეიძლება, სწრაფად შეიცვალოს”.