ზელენსკი: უთხარით ყველას, ვინც ჯერ კიდევ იძულებულია ნახოს რუსეთის დროშა ჩვენს მიწაზე, უკრაინის ჯარი აუცილებლად მოვა – ჩვენ აღვადგენთ ყველაფერს, რაც დამპყრობლებმა გაანადგურეს

დაუკავშირდით ხალხს ოკუპირებულ სამხრეთში, დონბასში, ხარკოვის რეგიონში და ესაუბრეთ მათ უკრაინის შესახებ. უთხარით სიმართლე. უთხარით, რომ ტერიტორიები იქნება განთავისუფლებული, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ყველა რუს მაღალჩინოსანს, ვინც უკრაინას ყირიმის ძვირფასი მიწა წაართვა, უნდა ახსოვდეს, რომ ამ მიწაზე სიმშვიდე არ ექნებათ.

„ვთხოვ ყველას, ვისაც ასეთი შესაძლებლობა აქვს, დაუკავშირდით ხალხს ოკუპირებულ სამხრეთში, დონბასში, ხარკოვის რეგიონში და ესაუბრეთ მათ უკრაინის შესახებ. უთხარით სიმართლე. უთხარით, რომ ტერიტორიები იქნება განთავისუფლებული. უთხარით კირილივკას, ჰენიჩესკს, ბერდიანსკს, მანჰუშს. უთხარით ჰორლივკას, დონეცკს, ლუგანსკს. უთხარით ყველას ხარკოვის რეგიონში, ვინც ჯერ კიდევ იძულებულია ნახოს რუსეთის დროშა ჩვენს უკრაინულ მიწაზე. უთხარით, რომ უკრაინის ჯარი აუცილებლად მოვა. რა თქმა უნდა, ჩვენს ყირიმსაც გავათავისუფლებთ. უკრაინის დროშა კვლავ იფრიალებს იალტისა და სუდაკის, ჯანკოისა და ევპატორიას თავზე. ყველა რუს მაღალჩინოსანს, ვინც ყირიმის ძვირფასი მიწა წაგვართვა, ახსოვდეს: ეს არ არის ის მიწა, სადაც მათ სიმშვიდე ექნებათ. არ არსებობს დღეს ადამიანი, რომელიც ზუსტად იტყვის, რამდენ ხანს გაგრძელდება ჩვენი გზა გამარჯვებამდე, თუმცა ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა უკვე აცნობიერებს, რომ სწორედ ასეთია ჩვენი გზა. ასე დასრულდება ეს ომი. ჩვენ აღვადგენთ ყველაფერს, რაც დამპყრობლებმა გაანადგურეს, ვოლნოვახადან ჩორტკოვამდე, რადგან ეს უკრაინაა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები