გოგა ხაინდრავა: ევროპარლამენტის რეზოლუცია სიცრუეზე, ცილისწამებაზე, კანონების უგულებელყოფაზეა დაფუძნებული

კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუცია სიცრუეზე, ცილისწამებასა და კანონების უგულებელყოფაზეა დაფუძნებული. ამის შესახებ ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დღეს ბევრი გვესმის იმის შესახებ, რომ ისტორიული მომენტია. ნამდვილად ისტორიული მომენტია. შუაგულ ევროპაში სისხლისმღვრელი, სასტიკი ომი მიდის. ამ ომში, პრაქტიკულად, მთელი მსოფლიოა ჩათრეული. ამიტომ, რეალურად შეიძლება, ითქვას, რომ მესამე მსოფლიო ომი დაწყებულია. რა ფორმას შეიძენს, როგორ განვითარდება და კაცობრიობა რა შედეგს მიიღებს, ამის წინასწარმეტყველება ძალიან ძნელია იქიდან გამომდინარე, რომ არცერთი მხარე საერთო ენის გამონახვას არ ცდილობს. რა თქმა უნდა, ისტორიული მომენტია და განსაკუთრებით ევროკავშირისთვისაა ისტორიული. ძალიან სერიოზული არჩევანის წინაშე დგას ეს გაერთიანება, რომლის საფუძვლად 50 წლის წინ ისეთი ცნებები და ფასეულობები დაიდო, როგორიცაა სიმართლე, ჭეშმარიტება, სამართლიანობა, კანონიერება და ა.შ.
დღეს ეს გაერთიანება ძალიან დიდი გამოცდის წინაშე დგას და რამდენად შეძლებს ამ გამოცდის ჩაბარებას, ამაზე მისი მომავალი ბევრად იქნება დამოკიდებული, გამომდინარე იქიდან, რასაც ვხედავთ, რისი მომსწრენიც რამდენიმე დღის წინ გავხდით. ევროკავშირის საპარლამენტო ინსტიტუციას ვგულისხმობ. ამ დაწესებულებას და მასში მოღვაწე ადამიანებს, იმ უმრავლესობას, დაახლოებით 308 დეპუტატს, რომელმაც იმ ავადსახსენებელ რეზოლუციას მისცა ხმა, იმ ფასეულობებთან, რაც ევროკავშირს საფუძვლად უდევს, არანაირი კავშირი არ აქვთ იმიტომ, რომ ეს რეზოლუცია დაფუძნებულია სიცრუეზე, ცილისწამებაზე, კანონების უგულებელყოფაზე, უამრავ ისეთ მანკიერებაზე, რაც ნამდვილად არანაირად არ ეკადრება იმ გაერთიანებას, რომელსაც ევროკავშირის სახელით ვიცნობთ. ევროპა და პოლიტიკური ელიტა, ანუ ევროპული ბიუროკრატია ერთმანეთთან არაფერ კავშირში არაა, ეს ორი სხვადასხვა ცნებაა. ჩვენ რატომღაც მოგვიწოდებენ, ევრობიუროკრატიის ელიტაში შევიდეთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ადგილი ევროპულ ცნობიერებაშია, რაც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. ამის ნათელი მაგალითია პოლიტიკური გაერთიანება EPP, „სახალხო პარტია“, რომელიც ამ სიცრუით გაჯერებული რეზოლუციის ინიციატორი იყო. თავად ეს EPP რას წარმოადგენს, ამის შესახებ შეგვიძლია, იმ ახლო წარსულით ვიმსჯელოთ, როცა მათი თავმჯდომარე, ვინმე პედრო აგრამუნტი, რომელიც აქ ჩამოდიოდა, კაციჭამია მერაბიშვილს ,,პოლიტპატიმარს,, ეძახდა, რამდენიმე ხანში პარტიის 28 დეპუტატთან ერთად კორუფციულ სკანდალში ჩათრეული აღმოჩნდა. ისინი ლობირებდნენ აზერბაიჯანს და უამრავ ფულს იღებდნენ ამაში, კორუფციაში იყვნენ ჩაფლულები. მათ ევროპარლამენტის სამარცხვინოდ დატოვება მოუწიათ. ესაა მათი მორალი. ქართული საზოგადოებისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ არანაირი კავშირი ევროპულ ბიუროკრატიულ ელიტასა და ევროპულ ცნობიერებას შორის, საითაც საქართველო მიისწრაფვის და რომლის წევრიც ყოველთვის იყო, არაა“, – განაცხადა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, მსოფლიო პოლიტიკურ ელიტაში მორალი ნულამდეა დაცემული.

„ევროკავშირს ასევე ძალიან დიდი გამოცდა ელის იმ ომსა და რუსეთთან ურთიერთობასთან დაკავშირებით. აქაც სიცრუით გაჯერებული ატმოსფეროა, ერთი მხრივ, ჩვენ EPP-ის წევრები მოგვიწოდებენ, რომ სანქციებს შევუერთდეთ და, მეორე მხრივ, რუსეთისგან ისეთი რაოდენობის ენერგომატარებლებს ყიდულობენ, რაც აქამდე მათ ურთიერთობას არ ახსოვს. ეს ასეულობით მილიარდი დოლარის ენერგომატარებლებია. თან ამავდროულად ყვირიან, რომ უნდა შეამცირონ. ესეც სიცრუეა. ომის დაწყებიდან პირველ ნაწილში უკრაინას უკომპრომისობისკენ მოუწოდებდნენ. დღეს უკვე როგორც ამ გაერთიანების წევრები, ისე ნატო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, ტერიტორიების რა ნაწილის დათმობად დაუჯდება მშვიდობა უკრაინას. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ დღეს მსოფლიო პოლიტიკურ ელიტაში მორალი ნულამდეა დაცემული.
საქართველომ არჩევანი გააკეთა და ეს არჩევანი იმ ეპოქაში, რომელშიც ცხოვრება მომიწია, ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე საამაყოა. საქართველომ მსოფლიოს განუცხადა, რომ არის ქვეყანა, რომელსაც საკუთარი ინტერესები გააჩნია, ამ ხალხს აქვს უნარი ეს ინტერესები გაატაროს, მიუხედავად იმისა, რამდენად შეესატყვისება იმ ჰეგემონ სახელმწიფოებს, ვისაც სხვა ინტერესები აქვთ. ეს სერიოზული განაცხადია. როგორც არასდროს ქართული საზოგადოება უნდა ამაყობდეს, რომ, როგორც იქნა, ასეთი სახელმწიფო ჩამოყალიბდა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გავიზარდეთ და მოვმწიფდით იმისათვის, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში ისე გავერთიანდეთ, რომ საკუთარი ღირსება არ დავკარგოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ის ქიმერა, რომელიც შემოაგდეს, ძირითადად EPP -ს ტიპის პოლიტიკოსებისგან მოდის, რომ იქ რაღაც კანდიდატობაა. ეს აბსოლუტურად გაუგებარი და არაფრისმთქმელი ფორმაა. იმიტომ, რომ ან კავშირს წევრი უნდა იყო, ან არ უნდა იყო. კანდიდატი სპორტის ოსტატობის გამიგია. რას ნიშნავს ეს წევრობის კანდიდატი რეალურად, შეგვიძლია, მარტივად დავასკვნათ, თურქეთს თუ შევხედავთ, რომელიც 30 წელია კანდიდატია და ევროკავშირში შესვლის საშველი არაფრით დაადგა. ესაა ქიმერა, მოგონილი იმისათვის, რომ საკუთარი უსუსურობა გადაფარონ, იქ სადაც სიმტკიცეა საჭირო. პირველ რიგში, რუსეთთან ამ სიმტკიცეს ვერ ვხედავთ. იმ დროს, როდესაც უკანასკნელი ათწლეულების მსოფლიოს მთელი არქიტექტურა, ფაქტობრივად, თავზე ენგრევათ, დროს პოულობენ იმისათვის, რომ სიცრუეზე დაყრდნობით საქართველოს შეუტიონ, მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველომ გაბედა და არ გადადგა ის ნაბიჯი, რომელსაც აიძულებდნენ. ჩვენ ომში ჩართვას გვაიძულებდნენ. ჩვენ, როგორც პაიკი, ვჭირდებოდით. მთელი ისტერია, რომელიც ამ დრომოჭმულ ინსტიტუტში, ევროპარლამენტშია ატეხილი, არის იმის გამო, რომ ჩვენ გავბედეთ და ჩვენი აზრი გამოვთქვით და განვახორციელეთ კიდეც. ეს ქართულ საზოგადოებას კარგად უნდა ესმოდეს და ვფიქრობ, ესმის. იმიტომ, რომ კრიმინალების მფარველობა, ისეთების, როგორებიც არიან კეზერაშვილი, გვარამია, სააკაშვილი, ევროპული ცნობიერება არაა“, – განაცხადა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, ამ რეალობაში ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართულმა ხალხმა არჩევანი გააკეთოს.

„არჩევანის ერთ მხარეს დგას არახამია, უსამშობლო კაცი, რომელმაც ჩვენს სახელმწიფოს, ხალხს ომი გამოუცხადა,  მეორე მხარეს კი – ბიძინა ივანიშვილი. ერთ მხარეს დგას არესტოვიჩი, მეორე მხარეს – ღარიბაშვილი, ერთ მხარეს დგას ლიაკა ხოშტარია, მეორე მხარეს – კახა კალაძე. არჩევანი უმარტივესია, რომელი მხარე უნდა ავირჩიოთ.

ამ რეალობაში ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართულმა ხალხმა არჩევანი გააკეთოს“, – განაცხადა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები