“რუსეთი ხარკოვში კასეტურ ბომბებს იყენებდა” – Amnesty International
ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International-მა ხარკოვში შექმნილ ვითარებაზე ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც რუსეთს უკრაინაში სამხედრო დანაშაულების ჩადენაში ადანაშაულებს.
კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ მოსკოვის მიერ ხარკოვში კასეტური ბომბების გამოყენებას ასობით მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, – წერს BBC.
„განურჩეველი დარტყმებით ხარკოვის საცხოვრებელი უბნების განმეორებითი დაბომბვა, რომლის დროს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა – ომის დანაშაულს წარმოადგენს”, – ნათქვამია მოხსენებაში.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აქვთ უტყუარი მტკიცებულება იმის, რომ რუსეთი საერთაშორისო კონვენციებით აკრძალულ კასეტურ ბომბებს და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს მრავალჯერ იყენებდა.
ამასთან, BBC აღნიშნავს, რომ რუსეთი აკრძალული საბრძოლო მასალის გამოყენებას უარყოფს.
უფლებადამცველები ამბობენ, რომ ხარკოვის საცხოვრებელი რაიონები დაბომბვას ომის დაწყების პირველი დღიდან დაექვემდებარა და ორი თვის განმავლობაში 1,5- მილიონიან ქალაქს მასშტაბური ზიანი მიაყენეს.