მედია: ევროკავშირში უკრაინის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გეგმა “ა”-სა და გეგმა “ბ”-ს განიხილავენ
ევროკავშირში უკრაინისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოვლენების განვითარების ორ ვარიანტს განიხილავენ.
ამის შესახებ Eurointegration წერს.
კერძოდ, გეგმა “ა” ითვალისწინებს, რომ ევროკომისია დაასკვნის, რომ უკრაინა აკმაყოფილებს კრიტერიუმებს და ევროკავშირი უკვე ივნისში მიანიჭებს მას კანდიდატის სტატუსს. ყველა შემდგომი ნაბიჯი, როგორიცაა მოლაპარაკებების დაწყება, რეფორმებს დაექვემდებარება.
გეგმა “ბ”, რომელსაც რამდენიმე ქვეყანა უჭერს მხარს, ითვალისწინებს, რომ წევრობის პირობები უკვე ივნისში იქნება წარდგენილი და მათ შესრულებამდე უკრაინას მხოლოდ „კანდიდატობის კანდიდატი“ სტატუსი ექნება.
შეთავაზებულია, რომ პირობების ჩამონათვალი ევროკომისიის დასკვნებში ჩაიწეროს, რათა ეს არა წევრი ქვეყნების იდეად გამოჩნდეს, არამედ – ევროკომისიის წინადადებად. ასეთ შემთხვევაში, ივნისის სამიტზე უკრაინას ეცნობება, რომ ის ხდება მხოლოდ „პოტენციური კანდიდატი“, ასევე, მიიღებს იურიდიულად აღიარებულ წევრობის პერსპექტივას, რომელიც ამჟამად არცერთ ოფიციალურ დოკუმენტში დაფიქსირებული არ არის.
სტატიაში ნათქვამია, რომ გეგმა “ბ” კიევის უპირობო მარცხი იქნება. ამაზე უკვე ღიად საუბრობენ როგორც უკრაინის მთავრობაში, ასევე, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ისევე – როგორც საექსპერტო საზოგადოებაში.
Eurointegration-ის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში უკრაინას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ეწვევა. მისი ვიზიტის მიზანია – პირადად აუხსნას პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შექმნილი ვითარება და ურჩიოს, თუ როგორ შეუძლია კიევს, თავიდან აიცილოს სამიტის უარყოფითი გადაწყვეტილება.