პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების მძიმე გარემოზე გაამახვილა ყურადღება და ამ ფონზე საზოგადოებას თავდაცვის სფეროში ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტები გააცნო.
ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, თავდაცვის უწყების გადადგმული ნაბიჯები, განხორციელებული რეფორმები და დასახული გეგმები საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერებასა და თავდაცვისუნარიანობის გაზრდას ისახავს მიზნად.
მინისტრმა უკრაინაში რუსეთის შეჭრა კიდევ ერთხელ დაგმო და რუსეთის ქმედება გლობალური წესრიგისა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უდიდეს გამოწვევად შეაფასა: „აღნიშნული ომი რუსეთის რევიზიონისტული ქმედებების გაგრძელებაა, რომლის მსხვერპლი ჩვენი ქვეყანა არაერთხელ გამხდარა. დღესაც, ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია. პარალელურად საქართველო წლების განმავლობაში მუდმივად განიცდის ზეწოლას ჰიბრიდული ომის მეთოდების გამოყენებით, მათ შორის, „მცოცავი ოკუპაციით“, რაც მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ზეგავლენის მოხდენას“.