ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის ფარგლებში, ქვეშეთის სკოლაში მოქმედმა „ეკოკლუბმა“ დასკვნითი ღონისძიება გამართა
ქვეშეთის სკოლაში საგანმანათლებლო გარემოსდაცვითი პროექტის დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა. ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის ფარგლებში, ქვეშეთის სკოლაში ფუნქციონირებს „ეკოკლუბი“, რომლის წევრებმაც, 7 ივნიისს, გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკოხედვის“ წარმომადგენლების შემეცნებითი სალექციო კურსი დახურეს.
გარდა ამისა, სკოლის ეზოში „ეკოკლუბის“ ფარგლებში გამართული ნახატების კონკურსის გამოფენა მოეწყო. მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები და სიგელები გადაეცათ. ჯამში, კონკურსში მონაწილეობა 20-მდე ბავშვმა მიიღო, რომლებიც ქვეშეთის სკოლის V-XI კლასელები არიან.
„გვიხარია, რომ პროექტში ქვეშეთის საჯარო სკოლის მოსწავლეების უმეტესი ნაწილი ჩაერთო. ისინი აქტიურად ესწრებოდნენ და უსმენდნენ ჩატარებულ ლექციებს გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, იღებდნენ მონაწილეობას სხვადასხვა აქტივობებსა თუ ტრენინგებში, იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე და ნახეს, თუ როგორ მუშაობს გვირაბის საბურღი მანქანა TBM. ეს საკმაოდ შთამბეჭდავი იყო მათთვის. ასეთი საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტები მნიშვნელოვანი და აუცილებელია მოსახლეობის სწორი ინფორმირებისთვის, გარემოს დაცვის, მიმდინარე პროექტებისა და დაგეგმილი სიახლეების შესახებ,“ – აცხადებს „ეკოხედვის“ აღმასრულებელი დირექტორი გეგი სოფაძე.
საგანმანათლებლო გარემოსდაცვითი პროექტის მთავარი მიზანია ხადის ხეობის მოსახლეობის სწორი ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ინფრასტრუქტურულ და გარემოსდაცვით საკითხებზე. ჯამში, პროექტის ფარგლებში, ქვეშეთის სკოლის უფროსკლასელებს 5 ლექცია ჩაუტარდათ. ასევე, ჩატარდა გამწვანების აქცია და ექსკურსია ქვეშეთი-კობის ახალი გზის მშენებლობის ობიექტებზე, მათ შორის, ყველაზე დიდი, 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობაზეც. სალექციო კურსის ბოლოს კი სკოლის მოსწავლეები ნახატების კონკურსში ჩაერთვნენ.
“ახალგაზრდებისთვის გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. ეკოკლუბის პროექტი წარმატებული აღმოჩნდა, რადგან ქვეშეთის სკოლის საკმაოდ ბევრი მოსწავლე და მასწავლებელი ჩაერთო. გარდა იმისა, რომ მათ მიიღეს ინფორმაცია სხვადასხვა გარემოსდაცვითი საკითხის შესახებ, ჩაატარეს სხვა არაერთი საინტერესო აქტივობაც, როგორიცაა, მაგალითად ექსკურსიები. მათ ნახეს, თუ როგორ მუშაობს გვირაბგამყვანი დანადგარი TBM, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი სანახაობა იყო მათთვის. ასევე, დაათვალიერეს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები, დაესწრნენ არქეოლოგიურ სამუშაოებს და ნახეს, თუ რა პროცედურები სჭირდება ობიექტების აღრიცხვასა და დაცვას. იმედი გვაქვს, ეკოკლუბი ფუნქციონირებას გააგრძელებს. ჩვენ კი, ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის ფარგლებში, არაერთ საინტერესო ინიციატივას შევთავაზებთ ადგილობრივ მოსახლეობას,“ – განაცხადა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა.
„ეკოხედვის“ წარმომადგენლებთან ერთად, ეკოკლუბმა შეიმუშავა ერთწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც გულისხმობს ქვეშეთის სკოლის მიმდებარე ტერიტორიების გამწვანებაზე ზრუნვას, სკოლის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავების აქციებს, ინტელექტუალური თამაშების ორგანიზებას გარემოსდაცვით თემებზე და ა.შ.