მამუკა მდინარაძე: რა დაშავდება, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უბრალოდ განმარტოს კომპეტენციის ფარგლები
რა დაშავდება იმით, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უბრალოდ განმარტოს კომპეტენციის ფარგლები? ოპოზიცია რას მავნებლობს და ფიქრობს, ეს სხვა საკითხია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბოლო განცხადებაში თავად აღიარა, რომ კონსტიტუციის დარღვევას ადგილი ჰქონდა.
“ბოლო განცხადებაში პრეზიდენტმა, პრაქტიკულად, აღიარა, რომ კონსტიტუციის დარღვევას ჰქონდა ადგილი. ჩვენ არ გვითქვამს, რომ ჩვენი სარჩელის შედეგი იქნებოდა რაიმე კონკრეტული სანქცია. მთავრობის მხრიდან მოთხოვნილი შედეგი არის განმარტება, რომ უბრალოდ კონსტიტუციური ჩარჩოებისა და ფარგლების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტება გასცეს.
არსებობს ფორმალური კომპეტენციები, არსებობს რეალური ფორმალისტურად გამყარებული კომპეტენციები და რომელ კომპეტენციას განეკუთვნება ეს, ნებისმიერი იურისტი ამას ძალიან კარგად მიხვდება, ნებისმიერი იურისტმა იცის და ამ ჩარჩოებიდან მოხდა გასვლა. რატომ არის ესეც კი კრიტიკის საფუძველი და რა დაშავდება, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უბრალოდ განმარტოს კომპეტენციის ფარგლები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.