არჩილ თალაკვაძე: ძმები ბერძენიშვილები „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე სიხშირე არიან, რასაც ვერ ამბობს „ნაცმოძრაობა“, ამბობენ ისინი
ბერძენიშვილები რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე სიხშირე არიან და რომ გადართავენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მანდედან ექსპერიმენტებს ატარებენ საქართველოს ისტორიაზე, ეკლესიაზე, ღირებულებებზე, რამაც ეს ქვეყანა აქამდე მოიყვანა, ეს საზოგადოებამ კარგად იცი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, რასაც ვერ ამბობს „ნაციონალური მოძრაობა“, ამბობენ ძმები ბერძენიშვილები.
ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე სიხშირე, მეორე არხი, რასაც ვერ ამბობს „ნაციონალური მოძრაობა“, ამბობენ ძმები ბერძენიშვილები და უტიფრად კიდევ აქეთ გვადანაშაულებენ, ძალადობას თქვენ ახალისებთო. რაც შეეხება თავდასხმებს, თქვენ რომ ელჩებს ესხმით თავს, თქვენ რომ ჩვენი პარტნიორების მთავრობებს აკრიტიკებთ და ღირებულებებს პატივს არ სცემთ, ეგეთი ჯერ არავის უნახავს ამ ქვეყანაში და კიდევ აქეთ გაქვთ პრეტენზია, რომ ჩვენ ვესხმით ვინმეს თავს? რომელ ევროპულ ღირებულებებს დაესხა თავს ჩვენი ხელისუფლება, „ქართული ოცნება? წააგეთ ბევრი არჩევნები, არ გაქვთ ხალხის რეალური მხარდაჭერა, გინდათ ქვეყანა ნებისმიერ ფასად აირიოს, თუ ეს იქნება ომი, ეგეც გაწყობთ და ეგეც მისაღებია თქვენთვის. ამიტომ აქ ევროპულ ღირებულებებზე ნუ საუბრობთ ის ადამიანები, რომლებმაც ყველაფერი ანტიევროპული გააკეთეთ ქვეყანაში”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.