გურამ მაჭარაშვილი: სამწუხაროა, თუ ბატონი კუბილიუსი საქართველოს უფროსი გგონიათ
ცუდი და სამწუხარო რა არის, იცით? – თქვენ ბატონი კუბილიუსი საქართველოს უფროსი გგონიათ, ეს არის სამწუხარო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კუბილიუსისთვის ევროპული ღირებულება და სუვერენიტეტი სხვანაირია.
“კუბილიუსი ქართულ საზოგადოებას ეუბნება, რომ მართალია, ევროკავშირი შეიქმნა სუვერენული სახელმწიფოების პრინციპის საფუძველზე, მაგრამ მე და ჩემი მეგობრები რასაც ვიტყვით, ის ხელისუფლება უნდა აირჩიოთ და არა ის, ვინც თქვენ გინდათ, ეს არის ევროპული ღირებულებაო. კუბილიუსისთვის ევროპული ღირებულება და სუვერენიტეტი სხვანაირია, როცა ის იყო სააკაშვილის ხელისუფლების დამცველი, მისთვის ეს არის ევროპული ღირებულებები. ქართულმა საზოგადოებამ იცის, რა ნიშნავს ევროკავშირი, რომელიც სწორედ სუვერენული სახელმწიფოების გაერთიანებით შეიქმნა.
ცუდი და სამწუხარო რა არის, იცით? – თქვენ ბატონი კუბილიუსი საქართველოს უფროსი გგონიათ, ეს არის სამწუხარო. არ უყურებთ ისე, რომ ევროპარლამენტარები არიან ევროკავშირის ანუ თავისუფალი სუვერენული ქვეყნების გაერთიანება, რომელთანაც ჩვენ გვინდა მეგობრობა. როგორ გგონიათ, რუსეთის ფედერაციასთან რატომ გვაქვს პრობლემა? – იმიტომ, რომ ჩვენს სუვერენულ საქმეებში ერევიან და ერეოდნენ. თუ საზოგადოებას ეუბნებით, არ გვინდა რუსეთი იმიტომ, რომ ისინი ერევიან სუვერენიტეტში და გვინდა კუბილიუსი, რომელიც ჩვენი უფროსი იქნება, ეს არის მიუღებელი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარებმა – ანდრიუს კუბილიუსმა და რასა იუკნევიჩიენემ ქართველ ხალხს ღია წერილით მიმართეს, რომელშიც აღნიშნეს, რომ,
ევროკავშირისგან ნაკლებად ოპტიმისტური შედეგის შემთხვევაში, ქართველები იმედგაცრუებულნი არ დარჩნენ და ნაცვლად ამისა, გასწიონ ერთობლივი ძალისხმევა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის”.