შალვა პაპუაშვილი – რობერტა მეცოლას: ჩვენს ურთიერთობებს ამყარებს მთელი რიგი მასშტაბური და წარმატებული რეფორმები

„ჩვენს ურთიერთობებს ამყარებს მთელი რიგი მასშტაბური და წარმატებული რეფორმები. საქართველოს რეფორმებმა და მიღწევებმა კორუფციასთან ბრძოლის, ბიზნესის კეთების პრაქტიკის გაუმჯობესების, საბაჟო და სახელმწიფო მომსახურებების ფუნდამენტური განახლების და ა.შ. კუთხით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების დადებითი შეფასება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვაშია ნათქვამი, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ევროპული პარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას უგზავნის.

პარლამენტის თავმჯდომარე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ აღნიშნული მიღწევები რუსეთის აგრესიული ქმედებებისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ფონზე ხორციელდებოდა.

„საქართველო 2017 წლიდან არის ევროპული ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წევრი; 2017 წლიდან აქვს უვიზო მიმოსვლა შენგენის სივრცეში; 2014 წელს ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით და მას შემდეგ განახორციელა აღნიშნული შეთანხმების 45 პროცენტი. ევროკავშირის წევრობის ყველაზე ახლო ასპირანტ ქვეყნებთან, მოლდოვასა და უკრაინასთან შედარებით, საქართველო მოწინავეა ასოცირების შეთანხმების სამივე კომპონენტში – პოლიტიკური დიალოგი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და სექტორული/ეკონომიკური თანამშრომლობა. უნდა გვახსოვდეს, რომ აღნიშნული მიღწევები ხორციელდებოდა რუსეთის რეალური აგრესიული ქმედებებისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, აგრეთვე, იმ მუდმივი საფრთხის ფონზე, რაც ყველასთვის აშკარა გახდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უპრეცედენტოდ სასტიკი აგრესიის შემდეგ. საქართველოს მიღწევები და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მომავალი წარმატებები, საქართველოს ევროკავშირის სასურველ პერსპექტიულ წევრად ხდის, განსაკუთრებით, ევროკავშირის მშვიდობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის, ენერგოდამოუკიდებლობის, თავისუფალი ბაზრების გაფართოების და ბოლოს, კულტურული მრავალფეროვნების მიმართულებებით“, – ნათქვამია მიმართვაში.
შალვა პაპუაშვილის შეფასებით, გამოწვევები რჩება, თუმცა, ქვეყნის განვითარების მიმართულება ცხადად წარმოაჩენს პროგრესის სურვილს, გაუმჯობესების შესაძლებლობასა და უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის გამდიდრებისა და გაძლიერების პოტენციალს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები