დავით სერგეენკო მალდივის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე დავით სერგეენკო საქართველოში ვიზიტით მყოფ მალდივის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, სტუმრები ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში გატარებულ რეფორმებს გაეცნენ.

„პარლამენტში სტუმრად იმყოფება მალდივის რესპუბლიკის მაღალი დონის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან: ჯანდაცვის მინისტრი, სოციალური პოლიტიკის მინისტრი, რამდენიმე ქალაქის მერი და მალდივის გაეროს ბავშვთა ფონდის ადგილობრივი ფილიალის ხელმძღვანელი. მათი ინტერესის საგანი იყო საქართველოს გამოცდილების გაზიარება ბავშვთა უფლებების კუთხით გატარებულ რეფორმებთან მიმართებაში, როგორიც არის ძირითადი ჩარჩო კანონების მიღება და ის პროცესები, რომელიც ხელს უწყობს ბავშვთა უფლებების განმტკიცებას. გვქონდა ძალიან ინტენსიური სამუშაო შეხვედრა, სადაც გამოვთქვით კმაყოფილება, რომ მომავალში ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობა გვექნება“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები