გივი მიქანაძე ევროკავშირის პროექტის ექსპერტებს შეხვდა
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი, გივი მიქანაძე ევროკავშირის პროექტის „ერასმუს პლიუსის“ ექსპერტთა ჯგუფის წევრებს – სებასტიან შვეიცერს და ისრაელ პერალტას შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში განხორციელებული „ერასმუს პლიუსის“ პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგები მიმოიხილეს. საუბარი, ასევე, შეეხო იმ პერსპექტივებს, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს პროგრამის სრულად ათვისების შემთხვევაში მიეცემათ. აღსანიშნავია, რომ საგრანტო პროგრამაზე სრულად წვდომის შესაძლებლობები, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, მხოლოდ საქართველოსთვის განიხილება.
„ერასმუს პლიუსის“ პროგრამა ქართველი ახალგაზრდებისთვის და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისთვის დიდი შესაძლებლობების მატარებელი პროგრამაა. აღსანიშნავია, რომ დღემდე ამ პროგრამის სრულფასოვნად სარგებლობის უფლებით მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნები სარგებლობენ და ექსპერტების მიერ, ამჟამად მიმდინარეობს საკითხების მოკვლევა, თუ რამდენად არის შესაძლებელი, რომ პროგრამის ბენეფიტებზე საქართველომ სრული წვდომა მიიღოს. საგრანტო პროგრამებში საქართველოს სრულად ჩართვის შემთხვევაში, ქართველ ახალგაზრდებს, განათლებისა და სპორტის მიმართულებებში, ახალი შესაძლებლობები მიეცემათ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.