ხულოში, სელიმ ხიმშიაშვილის უკვდავსაყოფად სახალხო დღესასწაული „სელიმობა“ გაიმართა

ხულოში, საქართველოს ერთიანობისთვის თავგანწირული მამულიშვილის, სელიმ ხიმშიაშვილის უკვდავსაყოფად სახალხო დღესასწაული „სელიმობა“ გაიმართა.

სახალხო ზეიმის მონაწილეები პირველად შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ, შემდეგ კი, ღონისძიება სერიყანაში გაგრძელდა, სადაც სელიმობის ღონისძიების მონაწილეებმა გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს სელიმ ხიმშიაშვილის თავკვეთის ადგილი.

სელიმობის დასკვნითი ნაწილი, საზეიმო კონცერტი, ბაკოს საჯარო სკოლის ეზოში მოეწყო.

სელიმობის ღონისძიებაზე, სელიმ ხიმშიაშვილის ღვაწლზე ისაუბრეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, პარლამეტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძემ, მეუფე სპიროდონმა, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტის მერებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.

“მე მჭრით თავს, მაგრამ გეტყვით, გურჯისტანი ოსმალოს სამუდამოდ არ შერჩება. ამის ხსოვნას მე ჩემს შვილებს დავუტოვებ“ – 1815 წლის 3 ივნისს, როცა სელიმ-ბეგ ხიმშიაშვილს სოფელ ბაკიბაკოში, კერძოდ სერიყანაში თავს კვეთდნენ, მაშინ წარმოთქვა მან ეს ისტორიული სიტყვები.

„სელიმობა“ ბაკიბაკოელთა ინიციატივით, 2005 წლის 19 დეკემბერს, სელიმ ხიმშიაშვილის დაბადებიდან 250 წლისთავზე დაფუძნდა. პირველი „სელიმობა“ კი 2006 წლის 3 ივნისს ჩატარდა .

სახალხო დღესასწაულს ადგილობრივი თვითმმართველობის, საქართველოს პარლამენტის, რეგიონის საკონონმდებლო ორგანოს, სასულიერო პირების, სამეცნიერო წრეებისა და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები