რევაზ ბეშიძე: წლევანდელ GLOBSEC-ს საქართველოდან ესწრება საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია, პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით, რომელიც მთავარი მომხსენებელია ევროკავშირის სამეზობლო პანელზე; ძირითადად, საუბარი შეეხება ევროკავშირში ჩვენი ქვეყნების პერსპექტივებს
წლევანდელ GLOBSEC-ს საქართველოდან ესწრება საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია, საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც მთავარი მომხსენებელია ევროკავშირის სამეზობლო პანელზე. მასთან ერთად, მთავარი მომხსენებელია მოლდოვის პრეზიდენტი, – ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სლოვაკეთის რესპუბლიკაში, რევაზ ბეშიძემ გლობალურ უსაფრთხოების ფორუმზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, GLOBSEC-ი უსაფრთხოების საკითხებზე ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ფორუმია ევროპაში და წელს GLOBSEC-ის ფოკუსი იქნება უკრაინაში რუსეთის აგრესიის საკითხებზე, შესაბამისად, ევროპაში უსაფრთხოების გამოწვევებზე.
„ასევე, GLOBSEC-ის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრს ექნება ორმხრივი შეხვედრები თავის კოლეგებთან, ასევე ევროკავშირის მაღალ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არის საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელიც ასევე მთავარი მომხსენებელია ენერგეტიკის უსაფრთხოების პანელზე. GLOBSEC-ის ფარგლებში ხელი მოეწერება შეთანხმებას INOBAT-ის კომპანიასთან.
ჩვენი მხრიდან ხელს მოაწერს ბატონი ლევანი. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ქალბატონი ლელა ჩიქოვანი” , – განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სლოვაკეთის რესპუბლიკაში.
როგორც რევაზ ბეშიძემ აღნიშნა, ტრადიციულად, GLOBSEC-ი, ეს არის ძალიან კარგი პლატფორმა, სადაც საქართველოს კიდევ ერთხელ შეუძლია თავისი პრიორიტეტების წარმოჩენა.
„რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე, მთავარი ჩვენი პრიორიტეტია ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებზე ჩვენი საკითხების ლობირება. ამის საშუალებას იძლევა ნამდვილად GLOBSEC-ი. წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს დელეგაციას ამ ფორუმში მონაწილეობაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას ევროკავშირის სამეზობლოს პანელზე, რომელიც მიძღვნილია იმ განვითარებებზე, რომელიც გვაქვს ევროკავშირის უშუალო სამეზობლოში. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საუბარია საქართველოზე, მოლდოვასა და უკრაინაზე. პანელში ასევე მონაწილეობას მიიღებს ონლაინ ჩართვით მოლდოვის პრეზიდენტი, ქალბატონი მაია სანდუ. ძირითადად საუბარი შეეხება ევროკავშირში ჩვენი ქვეყნების პერსპექტივებს” , – განაცხადა რევაზ ბეშიძემ.