გია ცაგარეიშვილი – EPP-ის განცხადებაზე: არ არის საჭირო მელიას ჩაყვანა, თუ მაინცდამაინც კრიმინალი უნდათ, ალექსანდრე მუხაძე ჩაიყვანონ – „ქილერა“, გლდანის ციხის ყოფილი უფროსი, რომელიც მამაკაცებს აუპატიურებდა

,,იპპ – ევროპის სახალხო პარტიის განცხადების პროექტი შედგენილია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ და მათ მხრიდან გაზიარებული ხელაღებით. ისინი არ ითვალისწინებენ იმას, რომ სააკაშვილი სასჯელს იხდის ორი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, რომ თავად მელია, რომელიც ყრილობაზე უნდა გამობრძანდეს, ორჯერ ნასამართლევია ასევე მძიმე დანაშაულისთვის,’’ – განაცხადა უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა.

ცაგარეიშვილმა ევროპის სახალხო პარტიის ურჩია, რომ თუ მათ ინტერესშია, რომ საქართველოს შესახებ ინფორმაცია კრიმინალებისგან მოისმინონ, ნიკა მელიას ნაცვლად კონგრესზე მომხსენებლად ყოფილი გლდანის ციხის უფროსი, ალექსანდრე მუხაძე, იგივე ,,ქილერა’’ წარადგინონ.

,,მათ ინტერესში არ არის, გაარკვიონ, თუ რატომ არიან ეს ადამიანები კრიმინალები. რატომ ვერ მოხერხდა საქართველოში მმართველ ძალასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის შეთანხმება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, ვინ არის აქ დამნაშავე? ,,ნაციონალურ მოძრაობას’’ მუდმივად სურს ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით დამხობა. სააკაშვილის შემოპარვაც ამ ქვეყანაში სწორედ ამ პოლიტიკის გაგრძელება იყო და ჩვენ ამის საშუალება არ მივეცით. ამიტომაც არის ახლა იგი ციხეში, აი, ამას არაფრად დაგიდევენ ჩვენი ევროპელი კოლეგები, როგორი გასაკვირიც  უნდა იყოს. და აი, ამ კრიმინალების მიერ შეთითხნილ განცხადებას აპრიორი იღებს და ავრცელებს ევროპის სახალხო პარტია. მე მათ ვურჩევ, რომ არ არის საჭირო მელიას ჩაყვანა, თუ მაინცდამაინც კრიმინალი უნდათ იქ, ალექსანდრე მუხაძე ჩაიყვანონ, „ქილერა“, გლდანის ციხის უფროსი იყო, რომელიც მამაკაცებს აუპატიურებდა. რა მნიშვნელობა აქვს, „ქილერა“ იქნება, სააკაშვილი, მეგის ქარდავა თუ მელია. ერთ თარგზე არიან ეს ადამიანები მოჭრილი. მე ამ კრიმინალებს შორის განსხვავებას ვერ ვპოულობ. მივლინება ხარჯიანი საქმეა, მუხაძე ჰყავთ სადღაც უკრაინაში შეფარებული, რომელსაც პოლიტიკური თავშესაფარიც მისცეს. ჩაიყვანონ და პირდაპირ ალაპარაკონ. რატომ წვალობენ?
და ეს ყველაფერი ხდება, როდესაც ათ დღეში უნდა მოგვანიჭონ კანდიდატობა. საზარელი კონტექსტია იმიტომ, რომ ამას აკეთებს ე.წ. წამყვანი ოპოზიციური პარტია, რომელიც დღეს პარლამენტში ჩვენთან ერთად მუშაობს. ამ პარტიის მესვეურები ისტორიული გადაწყვეტილების წინ ჩადიან კონგრესზე და საქართველოს ანაცვალებენ ბელად სააკაშვილს,‘’ – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ასევე, უმრავლესობის წევრმა 2015 წელს ევროპის სახალხო პარტიის განცხადება გაიხსენა, სადაც საუბარი შეეხებოდა ,,რუსთავი 2’’ საქმეს.

,,2015 წელსაც აქვს იპპ-ს მსგავსი განცხადება, სადაც ,,რუსთავი 2’’ -ზე იყო საუბარი, რომ ტელევიზია იჩაგრება და, თურმე, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება კანონიერ მესაკუთრეებს ართმევს ტელეარხს. შემდგომ აღმოჩნდა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ კანონიერ მესაკუთრეს ,,რუსთავი 2’’ დაუბრუნა. ეს დაახლოებით 7 წლის უკან მოხდა. ასე რომ, არც იპპ იცვლის ზნეს და არც ჩვენ შევიცვლით. ჩვენ გავყვებით ქართულ ინტერესს და საქართველო არ გადაუხვევს ქართული გზიდან. ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, გარდა მშვიდობიანი თანაცხოვრებისა”, –  განაცხადა ცაგარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები