გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის მიმართულებით პრევენციული ღონისძიებები გაატარეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის მიმართულებით პრევენციული ღონისძიებები გაატარეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა პრევენციული ღონისძიებები გაატარეს მდინარე რიონის კალაპოტში, ასევე ტყიბულის მუნიციპალიტეტში საწირის ტბაზე და ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შაორის წყალსაცავზე.

“რიონის კალაპოტიდან ამოღებულია უმეთვალყურეოდ მიტოვებული 2 ერთეული ხოლიხი ბადე, ნემსკავებით აღჭურვილი 25 ერთეული ანკესი და ზუთხის მოსაპოვებლად განკუთვნილი ჩასადგმელი იარუსები (ე.წ. ანკელარები), რომლებზეც დამაგრებული იყო 197 ერთეული დიდი ზომის ნემსკავი და 1 ერთეული თევზმახე.

საწირის ტბის დათვალიერებისას გამოვლენილია უმეთვალყურეოდ მიტოვებული 8 ერთეული, დაახლოებით 1500 მეტრი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე.

შაორის წყალსაცავის დათვალიერებისას ამოღებულია უმეთვალყურეოდ მიტოვებული 4 ერთეული, დაახლოებით 1200 მეტრის სიგრძის სახლართი ტიპის ბადე, რომლებიც ჩაგებული იყო ტივტივანიშნულების გარეშე.

გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა პრევენციული ღონისძიებები თბილისის ზღვაზე გაატარეს. ჯამში ამოღებულია 1000 მეტრი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე. აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად კი, ცენტრალური ოფისის თანამშრომლებმა სიონის წყალსაცავის დათვალიერების შედეგად, დაახლოებით 200 მეტრი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე ამოიღეს.

თევზჭერის უკანონო საშუალებები დაილუქა. შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები