გიორგი ხელაშვილი: საქართველოს ნატო-ს სამიტის წინ აქვს სრული მხარდაჭერა
“შეგვიძლია, დაბეჯითებით ვთქვათ, რომ საქართველოს ნატო-ს სამიტის წინ აქვს სრული მხარდაჭერა, არანაირი შეკითხვები, დამატებითი მოთხოვნები საქართველოს მიმართ არ არსებობს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, გეოპოლიტიკური ვითარება ძალიან დაძაბული და რთულია.
„სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც ყველაზე მაღალი საპარლამენტო ფორუმია. მასში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით მონაწილეობდა. ამ წუთისთვის შეგვიძლია, დაბეჯითებით ვთქვათ, რომ საქართველოს ნატო-ს სამიტის წინ აქვს სრული მხარდაჭერა, არანაირი შეკითხვები, დამატებითი მოთხოვნები საქართველოს მიმართ არ არსებობს. ჩვენ შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ მივაღწიეთ სიახლოვის იმ დონეს, როდესაც ნატოს წევრობას გვაშორებს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაგრამ სწორედ ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ძნელდება უკვე არაერთი წელია. შვედეთის და ფინეთის სავარაუდო გაწევრიანება ნატო-ში არის კიდევ ერთი ძალიან კარგი მოვლენა, რადგან ისინი დიდი ალბათობით, „მაპის“ გარეშე იქნებიან დაშვებული ალიანსში, რაც ქმნის პრეცედენტს, რომ საქართველომ კიდევ უფრო მეტად მოითხოვოს ალიანსში დაჩქარებული გაწევრიანება. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ივნისის სამიტზე უნდა ველოდოთ ძირეულ გარდატეხას ჩვენს საკითხში. გეოპოლიტიკური ვითარება ძალიან დაძაბული და რთულია. ამ დაძაბული გეოპოლიტიკური კატასტროფის დროს – რუსეთის შეჭრა უკრაინაში, კონსენსუსის მიღწევა, საქართველოს და, მით უმეტეს, უკრაინის დაუყოვნებლივ წევრობაზე ძალიან გაჭირდება“, – აღნიშნა გიორგი ხელაშვილმა.