ირაკლი ქადაგიშვილი: მოსამართლეების ბულინგი კარგ შედეგს არ მოიტანს
“აღმასრულებელი ხელისუფლება აღარ ნიშნავს არც პროკურორს და არც მოსამართლეს. მოსამართლეები უვადოდ ინიშნებიან, საქართველოში ყველაზე უფრო დაცული და ხელშეუვალი პირები არიან. ეს კულტურა ახლა ყალიბდება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მოსამართლეების ბულინგი კარგ შედეგს არ მოიტანს.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ კრიტიკა კი არ არის პრობლემური. კრიტიკა შეიძლება დამსახურებულიც იყოს და ამას არავინ უარყოფს, მაგრამ ყოველთვის ვამბობთ, რომ კრიტიკა უნდა იყოს საგნობრივი. სასამართლოზე თუა საუბარი, საგნობრივად ვისაუბროთ, როგორი კანონები გვაქვს არის თუ არა რაიმე დარღვევა ან ნაკლი, რაც გამოსასწორებელია. მოდით, კონკრეტულად ვილაპარაკოთ ამაზე. როგორია სასამართლო გადაწყვეტილებების სტატისტიკა, თუ ვინმეს უჩნდება შეკითხვა, შეისწავლოს კარგად ეს საკითხი და მერე გააკეთოს განცხადება. აშშ-ის საელჩომ სწორი განცხადება გააკეთა იმ კუთხით, რომ სასამართლო სისტემა არ უნდა გახდეს ყველა პოლიტიკური პოზიციის მსხვერპლი. მათ ხაზი გაუსვეს, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს შესაქმნელად სწევენ ძალისხმევას. დღეს გვაქვს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც აძლევს სასამართლოს შესაძლებლობას, შედგეს როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუცია. ასეთი საშუალება ქართულ სასამართლო სისტემას არასოდეს ჰქონია. ყოველთვის იყო აღმასრულებელი ხელისუფლების ქვეშ, იმიტომ რომ პრეზიდენტი ნიშნავდა. იუსტიციის მინისტრი იყო ამავდროულად გენპროკურორი. 2012 წლის შემდეგ საერთაშორისო პარტნიორებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პირდაპირი მოთხოვნა იყო, რომ მოსამართლეებზე პერსონალური დევნა არ განხორციელებულიყო, არ გაეთავისუფლებინა „ქართულ ოცნებას“ მოსამართლეები თანამდებობებიდან დღეს სისტემურად სხვა მიდგომაა. აღმასრულებელი ხელისუფლება აღარ ნიშნავს არც პროკურორს და არც მოსამართლეს. მოსამართლეები უვადოდ ინიშნებიან, საქართველოში ყველაზე უფრო დაცული და ხელშეუვალი პირები არიან. ამიტომ ეს კულტურა ახლა ყალიბდება და მოსამართლეების ბულინგი კარგ შედეგს არ მოიტანს“, – აცხადებს ქადაგიშვილი.