მაია ბუწაშვილი: ადამიანთა ის ნაწილი, ვინც 80-იან წლებამდე ყვავილის საწინააღმდეგოდ იყო აცრილი, მაღალი ალბათობით იმუნურია მაიმუნის ყვავილის მიმართაც

“განახლებული ინფორმაცია მაიმუნის ყვავილის შესახებ: დღეისათვის 300-მდე შემთხვევაა რეგისტრირებული 18 ქვეყანაში (ევროპის ქვეყნები, აშშ, კანადა, ავსტრალია, არაბეთის გაერთიანებული ემირატები)”,- ამის შესახებ ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში სამ ახალ ქვეყანაში – ჩეხეთში, სლოვენიასა და ემირატებში – პირველი შემთხვევები დაფიქსირდა.

“მხოლოდ გუშინ ბრიტანეთში 14 ახალი პაციენტი დაარეგისტრირეს და საერთო რაოდენობამ 71 შეადგინა.

გერმანიამ შეუკვეთა 40000 დოზა ყვავილის ვაქცინა, რომელიც ასევე ეფექტურია მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ. აშშ-ში მილიონობით დოზის მარაგი შექმნეს.

რამდენიმე დღის წინ FDA ყვავილის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ანტივირუსული პრეპარატის ინტრავენური ფორმა დაამტკიცა. ამ პრეპარატის პერორალური ფორმა რამდენიმე წლის წინ დამტკიცდა. ამჟამად ინტრავენური ფორმა შეიქმნა იმ პაციენტებისთვის, ვისაც ყლაპვა არ შეეძლება.

ადამიანთა ის ნაწილი, ვინც 80-იან წლებამდე ყვავილის საწინააღმდეგოდ იყო აცრილი, მაღალი ალბათობით იმუნურია მაიმუნის ყვავილის მიმართაც.

გასულ წლებში ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინის და ანტივირუსული მედიკამენტების დარეგისტრირების ერთ-ერთი მიზეზი, სავარაუდოდ, ყვავილის, როგორც ბიოლოგიური იარაღის, არსებობა იყო.

2019 წელს უშუალოდ მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაც დარეგისტრირდა”,- წერს ბუწაშვილი სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები