პრეზიდენტი კაპრალ თემურ დადიანს მსოფლიო რეკორდის დამყარებას ულოცავს

  საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კაპრალ თემურ დადიანს მსოფლიო რეკორდის დამყარებას ულოცავს. გიორგი მარგველაშვილი თემურ დადიანს კვლავ მრავალ წარმატებას, ჯანმრთელობასა და ბედნიერებას უსურვებს. “ბატონო თემურ, გულითადად გილოცავთ უპრეცედენტო მსოფლიო რეკორდის დამყარებას.
თქვენს ამ მიღწევას დიდი საზოგადოებრივი და ეთიკური მნიშვნელობა აქვს. თქვენ არა მხოლოდ ერთგულად ემსახურებით საქართველოს მოქალაქეთა მშვიდობასა და უსაფრთხოებას, არამედ წარმოუდგენელი ძალისხმევით, შეუძლებლის შეძლებისაკენ სწრაფვით ამტკიცებთ, რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს, რომ მონდომებას, თავდადებასა და დაუღალავ შრომას სასწაულის მოხდენა შეუძლია. თქვენი მაგალითი შთააგონებს და რწმენით აღავსებს თქვენს თანამებრძოლებს, ახალგაზრდებს, თითოეულ ჩვენგანს.
კვლავ მრავალ წარმატებას, ჯანმრთელობასა და ბედნიერებას გისურვებთ“,- აღნიშნავს პრეზიდენტი მილოცვის წერილში.
შეგახსენებთ, რომ კაპრალმა თემურ დადიანმა, რომელმაც ავღანეთში ნაღმზე აფეთქების დროს ორივე ქვედა კიდური დაკარგა, მსოფლიო რეკორდი დაამყარა. სარეკორდო ასპარეზობა აფეთქებიდან ზუსტად სამი წლის შემდეგ, 3 აგვისტოს გაიმართა. თემურ დადიანმა 38.25 წამში 37 აზიდვა შეასრულა, რითაც სამჯერ გადააჭარბა დაწესებულ მინიმუმს. ღონისძიების მხარდამჭერი საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები