ერევანში აქციის მონაწილეებს საგარეო უწყების შესასვლელი და გასასვლელი აქვთ ბლოკირებული
ერევანში, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო მსვლელობა დილის 08:00 საათიდან განახლდა.
40 წუთის შემდეგ, ხალხი საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობას მიუახლოვდა, სადაც პოლიციის კორდონი დახვდათ, თუმცა, აქციის მონაწილეებმა მისი გარღვევა მარტივად შეძლეს.
შეკრებილებმა შენობას ალყა შემოარტყეს და ყველა შესასვლელი და გასასვლელი გადაკეტეს.
როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა კოორდინატორმა, იშჰან საგათელიანმა თქვა, “საგარეო საქმეთა მინისტრი აღარ ემსახურება სომხეთის ინტერესებს, ამიტომ, ყველა შესასვლელი და გასასვლელი უნდა დაიბლოკოს“.
საგათელიანმა ასევე თქვა, რომ პოლიცია ოპოზიციური პარტიის წევრების სახლებში ჩხრეკას ატარებს.
ოპოზიცია უკვე რამდენიმე კვირაა, ერევანში საპროტესტო აქციებს მართავს.