პაატა იმნაძე: ალბათ, „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევები მოიმატებს, მაგრამ არ მგონია დიდი ეპიდემიის სახე მიიღოს

ალბათ, „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევები მოიმატებს, მაგრამ არ მგონია დიდი ეპიდემიის სახე მიიღოს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით,  აღნიშნული ვირუსი ახალი არ არის და ის გასული საუკუნის 70-იან წლებში არის აღმოჩენილი.

„თანამედროვე პირობებში ყვავილის გაჩერება არ არის ძალიან ძნელი, იმიტომ რომ ისეთი გადამდები არ არის, როგორიც კორონავირუსი იყო – ალბათ, „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევები მოიმატებს, მაგრამ არ მგონია დიდი ეპიდემიის სახე მიიღოს“, – განაცხადა იმნაძემ.

მისივე განმარტებით, ყვავილების საწინააღმდეგო ვაქცინა არსებობს და ის „მაიმუნის ყვავილზეც“ საკმაოდ ეფექტიანია.

„ყვავილზე აცრა 1980 წლის მერე დედამიწაზე აღარ ხდება. ყვავილის ვაქცინა არსებობს და „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსისგანაც საკმაოდ ეფექტიანად იცავს. თუ საჭირო გახდება ეს ვაქცინა არსებობს, მსოფლიოს მისი წარმოების პოტენციალი გააჩნია, ასე რომ დიდ გართულებებს არ ველი, თუმცა, რა თქმა უნდა, ელემენტარული ჰიგიენური ნორმების დაცვა აუცილებელია“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით საშიში არაფერია და ამ დროისთვის, „განგაშის სიგნალი“ იმ ქვეყნებშიც კი არ არის ჩართული, სადაც ეს დაავადება გამოვლინდა.

„შიში არასოდეს არ არის კარგი. ჯერჯერობით არ უნდა გვეშინოდეს, საშიში ნამდვილად არაფერი არ არის. 2 დღის წინ დავბრუნდი ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან. იქ სადაც ბევრი შემთხვევებია ევროპაში – იგივე ესპანეთში, პორტუგალიაში, დიდ ბრიტანეთში, იქაც კი არ არის ჯერჯერობით განგაშის მაღალი საფეხურები ჩართული. არაფერი ახალი არ არის. მაიმუნის ყვავილი 70-იან წლებში არის აღმოჩენილი.

როდესაც დედამიწაზე „ნატურალური ყვავილის“ ვაქცინაციის საშუალებით აღმოფხვრა მოხდა, იმ წლებში წამოყო სხვადასხვა ყვავილებმა/ნათესავმა ვირუსებმა თავი. მაგალითად, ეს იყო „მაიმუნის ყვავილი“, „ძროხის ყვავილი“ და სხვა. სხვათა შორის, საქართველოში რამდენიმე წლის წინ ყვავილის კიდევ ერთი ნაირსახეობა აღმოვაჩინეთ, რომელსაც „ახმეტა ვირუსი“ ვუწოდეთ, რადგან მთის საძოვრებში, მწყემსებში დადასტურდა. ასე რომ, საქართველოში ასეთ დაავადებებზე ზედამხედველობის სისტემა კარგად გვაქვს აწყობილი. საქართველოში „ძროხის ყვავილი“ ყოველწლიურად არა, მაგრამ რამდენიმე წელიწადში ერთხელ, 1-2 შემთხვევა ყოველთვის არის. „მაიმუნის ყვავილი“ ქვეყანაში არ ყოფილა, იმედია არც ახლა გვექნება, მაგრამ მზადყოფნა გვაქვს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები