“მარიუპოლთან “კადიროველები” ადამიანებს ზაპოროჟიეში არ უშვებენ” – ქალაქის მერია
მარიუპოლიდან გასასვლელებს ამჟამად “კადიროველები” აკონტროლებენ.
როგორც ქალაქის მერის მრჩეველმა, პეტრე ანდრიუშჩენკომ თქვა, “კადიროველები”, ძირითადად, აკონტროლებენ მანგუშისა და ნიკოლსკის შემოვლით გზას, რომელიც ბერდიანსკსა და ზაპოროჟიეში მიდის.
“ადგილობრივები ამბობენ, რომ გუშინ სოფელ დემიანოვკას მიდამოში ასეთმა პატრულმა მანქანა გააჩერა, რომელში მყოფი ადამიანები ბერდიანსკისკენ მიემართებოდნენ. ადამიანებს ტანსაცმელი გახადეს, გაჩხრიკეს, ფიზიკურ ძალადობას მიმართავდნენ. ამასთან, მძღოლს და მგზავრებს ფილტრაციის სერტიფიკატები ჰქონდათ, მაგრამ საშვი – არა“, – განაცხადა მან.
ანდრიუშჩენკომ მოსახლეობას მოუწოდა, ქალაქიდან გასვლისგან ცოტა ხნით თავი შეიკავონ.
მისი თქმით, მთავრობა ოფიციალური საევაკუაციო დერეფნების გახსნაზე მუშაობს.