ზელენსკი: რუსეთმა გაანადგურა წარსულის წინააღმდეგობები უკრაინასა და პოლონეთს შორის
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა თავისი ფართომასშტაბიანი შეჭრით, უნებლიედ აიძულა უკრაინა და პოლონეთი დაევიწყებინა დავა საერთო წარსულის შესახებ. „ევროპული პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ მან პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას გამოსვლის შემდეგ რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ერთ დღეში გაირკვა, რომ ყველა ამ წინააღმდეგობებს მნიშვნელობა არ აქვს, როცა არის ასეთი საფრთხე. საფრთხე ჩვენი ხალხების გადარჩენისთვის. მე და ანდჟეი ჩვენ ხალხებს შორის რეალური ურთიერთგაგებისკენ ვისწრაფვით, ჩვენ გავარჩიეთ ეს წინააღმდეგობები. ჩვენ ერთად ვგეგმავდით შერიგების მემორიალის აშენებას საერთო საზღვარზე. მაგრამ უკრაინის საზღვრები სხვა მემორიალის მსურველებმა გადალახეს და სულაც არ მიუძღვნეს ისინი მშვიდობას… ჩვენ ვიცავთ ჩვენთვის საერთო სამყაროს – სახელწოდებით თავისუფლება და დამოუკიდებლობა, იმ დროს, როდესაც ვიღაც ბარბაროსობას სჩადის კოსმოსური მასშტაბით. უკრაინისა და პოლონეთის ურთიერთგაგება, მეგობრობა და ძმობა ახლა ასეთივე მასშტაბებს აღწევს. 24 თებერვალს დავიწყეთ ჩვენი საერთო ისტორიის ახალი ტომის წერა. ჩვენი ხალხების ერთიანობა სამუდამოდ უნდა გაგრძელდეს, ის არასოდეს უნდა დაირღვეს მტრობით“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ ახლა დადგა ერთიანობისა და ურთიერთგაგების დრო უკრაინასა და პოლონეთს შორის, რასაც ოდესღაც მრავალი გამოჩენილი ფიგურა მოითხოვდა.
“ჩვენი პარლამენტებს, მთავრობებს და ზოგადად ჩვენს ხალხებს ერთმანეთის ისე ესმით, როგორც არასდროს. და არ აქვს მნიშვნელობა კირილიცა იქნება თუ ლათინური, არ აქვს მნიშვნელობა როგორ დავწერთ “ნებას” და “დამოუკიდებლობას”. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელები და პოლონელებიც ერთნაირად საუბრობენ ამ საკითხებზე და თანაბრად მზად არიან დაიცვან ისინი… თავისუფალი უკრაინის გარეშე არ შეიძლება იყოს თავისუფალი პოლონეთი. ისტორიკოსები დაობენ ვინ იყო ამ ფრაზის ავტორი. ჩვენ გადავწყვიტეთ ეს დავა. ეს უკრაინელი და პოლონელი ხალხის ნებაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.