ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში “ბოლო ზარი” სიმბოლურად აღინიშნა
დღეს, სკოლებში, ბოლო სასწავლო დღეა. „ბოლო ზარი”-ს საზეიმო ღონისძიებები, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა საჯარო სკოლაში სიმბოლურად აღინიშნება.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა და ტრადიციულად, სამახსოვროდ, მაისურებზე წარწერები დაუტოვა.
„მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას! თქვენი ყოველდღიურობა, დღეიდან, მარად დაუვიწყარ გამოცდილებად და მოგონებად იქცევა. თქვენს ცხოვრებაში, ახალი ეტაპი იწყება – გამოცდილებებით, ურთიერთობებით, მეგობრებით, ცოდნითა და განვითარებით, ახალი პერსპექტივებით, მეტი პასუხისმგებლობით. მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი, იპოვის საკუთარ ადგილს საზოგადოებაში. თქვენთან ერთად ვიზიარებ ამ აღტაცებასა და სიხარულს, გისურვებთ წარმატებას!”, – განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.
წელს, ლაგოდეხში 399 მოსწავლემ დაამთავრა სკოლა, ხოლო ახალ სასწავლო წელს, სკოლის კარს, დაახლოებით – 488-მდე პირველკლასელი შეაღებს.