საგარეო უწყება: ტრაპიზონთან მომხდარი ავარიისას გარდაცვლილი მოქალაქე სამშობლოში გადმოასვენეს, დაშავებულები კი მკურნალობის კურსს სხვადასხვა კლინიკაში გადიან
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტრაპიზონთან მომხდარი ავარიისას დაღუპული საქართველოს ერთი მოქალაქე გადმოსვენებულია სამშობლოში, ხოლო 5 დაშავებული მკურნალობის კურსს სხვადასხვა კლინიკებში გადის.
უწყების ცნობით, ტრაპიზონში გენერალური საკონსულო მუდმივ კონტატქზეა როგორც დაშავებულების ოჯახის წევრებთან, ასევე მათ მკურნალ ექიმებთან.
„ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულო ინფორმირებულია აღნიშნული შემთხვევის შესახებ. დაშავებული 6 მოქალაქიდან, 1 გარდაიცვალა და ის უკვე გადმოსვენებულია სამშობლოში, დანარჩენი 5 მკურნალობის კურსს გადის სხვადასხვა კლინიკებში. გენერალური საკონსულოს წარმომადგენლებმა მოინახულეს ყველა დაშავებული მოქალაქე და მიიღეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია. ტრაპიზონში გენერალური საკონსულო მუდმივ კონტატქზეა როგორც დაშავებულების ოჯახის წევრებთან, ასევე მათ მკურნალ ექიმებთან. დღესვე, დაგეგმილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის ვიზიტი ქალაქ ტრაპიზონში, სადაც ის, გენერალურ კონსულთან, გელა ჯაფარიძესთან ერთად, მოინახულებს დაშავებულ მოქალაქეებს“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.