„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში” შესატანი ცვლილებით, მარტოხელა მშობლის სტატუსი ზუსტდება
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში” შესატან ცვლილებაზე იმსჯელა, რომელიც მარტოხელა მშობლის სტატუსს აზუსტებს.
როგორც მომხსენებელმა, ერთ-ერთმა ინიციატორმა, რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლო უთითებს, რომ ფაქტობრივად მარტოხელა მშობელთა ის კატეგორია, რომელიც მარტო ზრდის არასრულწლოვან შვილს და ამავდროულად: მეორე მშობელი გარდაცვლილია, გამოცხადებულია გარდაცვლილად, აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა, არსებითად ისეთივე საჭიროებების წინაშე არის ბავშვის აღზრდის კუთხით, როგორც მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირი.
„აშკარაა, რომ ფაქტობრივად მარტოხელა მშობლები, რომლებიც ერთპიროვნულად მონაწილეობენ ბავშვის აღზრდაში, მაგრამ ვერ აკმაყოფილებენ სადავო ნორმებით დადგენილ ფორმალურ წინაპირობებს შესაბამისი სტატუსის მისაღებად, მოკლებული არიან სხვადასხვაგვარ სამართლებრივ სიკეთეებს, რითაც სარგებლობენ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები. ამდენად, სახეზეა განსხვავებული მოპყრობა შესადარებელ პირებს შორის. შესაბამისად, კანონპროექტით მარტოხელა დედის და მარტოხელა მამის სტატუსი კანონპროექტით ზუსტდება”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.